"ოზერა," "ზაგორსკაია," "იარჩე," "მუ-მუიკა" - აფხაზეთის მთავრობამ ეს რუსული კანფეტები შპს "კადევე საქართველოსგან" 1 746 ლარად იყიდა - ამის შესახებ გამოძებას "აი ფაქტი" აქვეყნებს.
ირკვევა, რომ კომპანია ციმბირში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება "კადევეს" ეკუთვნის. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი კი უკრაინის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი დენის შტენგელოვია.
კორუფციის მკვლევარებმა და გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაამოწმეს ფაქტები და აღმოაჩინეს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში რეგისტრირებულია 5 000-ზე მეტი რუსული კომპანია და რომ სახელმწიფო შესყიდვებში 43 მათგანი იმარჯვებს.
"აი ფაქტის" ჟურნალისტური კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2022-2025 წლებში რუსებს 16 მილიონი ლარის ღირებულების 379 ხელშეკრულება გაუფორმეს.
აქედან 6 მილიონი ლარი იმ კომპანიებისაა, რომლებიც ქართულ რეესტრში 2022 წლის თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ანუ, ეს ის ხალხია, საქართველოში ბიზნესსაქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ მოისურვეს.
გამოძების მიხედვით, 2022 წლიდან დღემდე, რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ყველაზე მეტად სწყალობენ საგანმანათლებლო დაწესებულებები - ბაღები, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები. მათ ანგარიშზეა რუსებთან დადებული 155 ხელშეკრულება. შემდეგ მოდის მერიები და მათი სამსახურები, 83 ხელშეკრულებით.
რუსების კომპანიებთან საქმეს იჭერენ ის სახელმწიფო უწყებებიც, რომელთაც, წესით, განსაკუთრებით უნდა ადარდებდეთ ქვეყნის უსაფრთხოება და ოკუპანტისგან შორს ყოფნა.
მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯამში ნახევარი მილიონი ლარის 32 ხელშეკრულება გაუფორმა რუსეთის მოქალაქეების კომპანიებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
კიდევ რა მოხვდა "აი ფაქტის" გამოძიებაში:
სუფრა „ვერიკოში“, ბიუჯეტის ხარჯზე
2022 წლის სექტემბერში “საქართველოს რკინიგზამ” ვახშამი გამართა რესტორან “ვერიკოში”, რომელიც “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის 1-ში მდებარეობს. რის აღსანიშნად შეიკრიბნენ, უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მენიუში ჰქონდათ - ღორის მწვადი, ხარჩო ელარჯით, წიწილა შქმერულად, ქაბაბი გურულად და 498 ლარის ღვინო - ჯამში 6 ბოთლი ქისი, საფერავი, რქაწითელი და ოცხანური საფერე.
რესტორან “ვერიკოს” შპს “ჯმტ ქარხანა” ფლობს, რომელიც ეკუთვნის როგორც ისრაელის და ბრიტანეთის, ისე რუსეთის და რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს.
“თეიბლ თოქის” წილების 10% ეკუთვნის რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვასილ წერეთელს. ის 2000-ანი წლებიდან რუსეთში მოღვაწეობს და თანამედროვე ხელოვნების სფეროში პოპულარულ და გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. წერეთელი მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორია, 2025 წლის თებერვლიდან კი რუსეთის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტია. ეს საჯარო თანამდებობად მიიჩნევა, რადგან სამხატვრო აკადემია ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და რუსეთის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
წერეთელი სახელმწიფო სტრუქტურებთან წარსულშიც თანამშრომლობდა - 2006-2010 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს კურატორი საერთაშორისო ბიენალეებზე, მათ შორის, ვენეციაში. 2012-2016 წლებში იყო რუსეთის დუმის კულტურის საბჭოს აქტიური წევრი. 2006 წლიდან მოყოლებული არის რუსული სახელმწიფო პრემიის, „ინოვაციის” კომიტეტის წევრი, 2018 წლიდან დღემდე კი მუშაობს რუსეთის კულტურის სამმართველოს პედაგოგების სერთიფიცირების კომისიაში.
ვასილ წერეთელი რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის მისაღები პერსონაა, დასტურდება მისი ჯილდოებითაც. 2018 წლის 24 იანვარს პუტინის დადგენილებით მიიღო “მამულის წინაშე დამსახურების” ორდენი (орден “за заслуги перед отечеством”). ეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ამა თუ იმ სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის იღებენ ხოლმე. 2025 წლის 24 ივნისს წერეთელი პუტინმა კიდევ ერთხელ წაახალისა და დამსახურებულ არტისტად დაასახელა.
“თეიბლ თოქის” წილების ასევე 10%-ს ფლობს სოფია გუგუბერიძე. რა ვიცით მასზე? სოფია რუსეთში მოღვაწერ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, თეიმურაზ გუგუბერიძის ქალიშვილია. თეიმურაზ გუგუბერიძე კი რუსული “გუმის” (главный универсальный магазин) გენერალური დირექტორია. ეს მოსკოვში, წითელ მოედანზე მდებარე მსხვილი სავაჭრო ცენტრია. გარდა ამისა, სოფია გუგუბერიძის მამა წლების განმავლობაში იყო ცნობილი რუსული სპორტული ბრენდის, “Bosco Di Ciliegi Group”-ის კომერციული დირექტორი. ამ ბრენდის სამოსით რუსეთის ეროვნული ნაკრებები ოლიმპიადებზე და პარაოლიმპიადებზე გამოდიოდნენ.
2014 წელს, “Bosco di ciliegi group”-ის შვილობილი, Bosco Sport-ი აცმევდა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზეც, რისთვისაც 100 მილიონი აშშ დოლარის კონტრაქტი გაუფორმეს და გენერალური პარტნიორის სტატუსი მიანიჭეს.
მათი ნაწილი ახლაც რუსეთშია, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, მართავს მსხვილ ბიზნესს და მეტიც, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს ვლადიმერ პუტინისგან საპატიო ჯილდოც აქვს მიღებული.
რესტორნის მეწილეების საქმიანობაზე ცალ-ცალკე მოგიყვებით. მაგალითად, “ჯმტ ქარხნის” 50%-ანი წილი ეკუთვნის “თეიბლ თოქს”. ამ კომპანიის ჯამში 30%-ანი წილი ეკუთვნით რუსეთის მოქალაქეებს - დმიტრი ბორისოვს და გლებ რუდენკოს. ერთი ცნობილი რესტორატორია, მეორე - მუსიკოსი. ბორისოვი არის რუსეთში მდებარე რესტორნების - “ჟან-ჟაკის”, “ჯონ დანის” და “რუბინშტეინის” დამფუძნებელი. გლებ რუდენკო ახლაც სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ამას მისი სოციალური ქსელი ადასტურებს", - წერს აი ფაქტი.
აი ფაქტის გამოძიება სრულად, წაიკითხეთ აქ: