მსოფლიოში ყველაზე გაძვირებული საქონელი მაისში კაკაოს მარცვლები და პლატინა იყო.

სწორედ ეს პროდუქტები გახდნენ მაისში საფონდო ბირჟაზე არსებულ საქონელს შორის ფასების ზრდის ლიდერები. ამის შესახებ RIA იტყობინება ICE Futures-ის, CME Group-ის და შანხაის ლითონის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით.

შოკოლადის წარმოებაში გამოყენებული კაკაოს ფასი ერთ თვეში 11%-ით გაიზარდა. სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე მეტად ფორთოხლის წვენი გაძვირდა - 7.9%-ით, შემდეგ ბრინჯი და შვრია, ორივეს ფასმა 2.9%-ით მოიმატა.

პლატინამ აჩვენა მეორე ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ყველა აქტივს შორის და გახდა ლითონი, რომლის ფასიც ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში ის 9.2%-ით გაძვირდა. გარდა ამისა, მოიმატა კალის ფასებმა - 5.2%-ით, ხოლო სპილენძის - 3.1%-ით. ოქროს ფასი კი პირიქით, შემცირდა 2.9%-ით.

ენერგეტიკის სეგმენტში დადებითი დინამიკა აჩვენეს ქვანახშირმა (ზრდა 8.2% თვეში), ბუნებრივმა აირმა ევროპაში (5.5%) და ურანმა (5.4%).

მაისში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ყავას ჰქონდა - რობუსტას ფასი 13.2%-ით დაეცა, არაბიკას კი - 11%-ით. ლითიუმი კი მესამე ადგილზე იყო ზარალის მომტანი აქტივების სიაში, რომელმაც ღირებულების 9.2% დაკარგა.