რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებული ოპტიმიზაციით ჩვენ შევძელით მინიმუმ 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა და ეს არის კონკრეტული შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განახლება ნებისმიერ სისტემას სჭირდება და ცვლილებები მათ შორის ამ მიზანს ემსახურება.
„ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ზოგადად ვერ გამოვრიცხავთ. ყველა ცვლილება წაადგა შესაბამისი დარგების სწორი მიმართულებით განვითარებას. ამ მაგალითზე ვისაუბრე, როდესაც საზოგადოებას წარვუდგინე მონაცემები რკინიგზასა და ენერგეტიკასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ განხორციელდა ცვლილებები, ჩვენ მარტო რკინიგზასა და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში შევძელით 52,5 მილიონი ლარის დაზოგვა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი. ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც იყო ცუდი და ვიღაც არის კარგი. განახლება სჭირდება ნებისმიერ სისტემას და ჩვენ ვზრუნავთ განახლებაზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რეალურად არ არის ოპოზიცია, ოპოზიცია უნდა ასრულებდეს სინამდვილეში იმ როლს, რასაც ჰქვია ხელისუფლების ფორმაში ყოფნა. ოპოზიცია ქვეყანაში არ არის, ასეთ დროს, იძულებული ვართ, საკუთარი თავი თვითონ ვამყოფოთ ფორმაში, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ სიახლეზე, განახლებაზე, ახალ სისხლზე და ამან უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები. 52,5 ლარი დაიზოგა მარტო ენერგეტიკის სექტორში და რკინიგზის სფეროში. რაც შეეხება ოპტიმიზაციას, როდესაც პროცესები გაგრძელდება არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, მგონია, რომ მთლიანობაში შევძლებთ 100 მილიონს გადავცდეთ ოპტიმიზაციის ნაწილში, რაც მოხმარდება თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ განვითარებას“, - განცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.