პროექტების გეგმების არსებითი ცვლილებები და დასრულების ვადის დროში გაჭიანურება. - ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვაში იდენტიფიცირებული ნაკლოვანებებია.

აუდიტის სამსახურმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. აუტიტის დასკვნის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, 2024 წლამდე უნდა დასრულებულიყო 14 პროექტი. მათ შორის:

  • 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 9 პროექტის განხორციელება გადავადდა 2024
    წლისთვის (დაფინანსება განისაზღვრა 653 მლნ ლარით). აქედან ერთი პროექტი გაგრძელდება
    2025-2026 წლებშიც, ჯამური ბიუჯეტით 68 მლნ ლარი;
  • 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით 5 პროექტის 2024 წლის გეგმა ნულოვან ნიშნულზე
    დაიგეგმა, თუმცა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დაფინანსება 115 მლნ ლარით
    განისაზღვრა.

იგივე ტენდენცია 2025 წელსაც გრძელდება. კერძოდ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, 14 პროექტიდან, რომლებიც 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით, 7 პროექტის გეგმა 116 მლნ ლარს უტოლდება.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ პროექტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს მათი განხორციელების პროცესზე, რაც ვადების დარღვევის გარდა, ხშირ შემთხვევაში, აუთვისებელი რესურსის ან ფაქტობრივი ხარჯის გეგმაზე მნიშვნელოვან გადაჭარბებაში გამოიხატება.

აგრეგირებულ დონეზე ათვისების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტიდან ცალკეული პროექტების შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც დაბალი ათვისების, ასევე ნულოვანი ათვისების ტენდენციებს. კერძოდ:

  • 2 პროექტის შემთხვევაში, ჯამური გეგმით 9 მლნ ლარი, საერთოდ არ მომხდარა გეგმით გათვალისწინებული თანხების ათვისება. ეს პროექტებია: ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა (AFD) - გეგმა 3 მლნ ლარი, ფაქტი 0 ლარი; თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) - გეგმა 6 მლნ ლარი, ფაქტი 0 ლარი.
  • 24 პროექტის შემთხვევაში ათვისებულ იქნა გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები. აღნიშნული პროექტებიდან 12 პროექტი 2023 წელსაც ანალოგიური ტენდენციით ხასიათდებოდა.

როგორც აუდიტის ასკვნის, საყურადღებოა, ისეთი კრედიტებით დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისების ტენდენციები, რაც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. ასეთი პროექტების დაბალი ათვისება საბოლოო ჯამში სესხის ხარჯს ზრდის.

დაბალი ათვისების მქონე პროექტებთან ერთად, ასევე საყურადღებოა გეგმების გადაჭარბებით შესრულება. კერძოდ, გეგმის 120%-ზე მეტი ათვისებით ხასიათდება 15 საინვესტიციო პროექტი.

არსებული ტენდენციების გამომწვევი მიზეზების ინდივიდუალური პროექტების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პროექტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევები, რაც უკავშირდება კონტროლირებად და არაკონტროლირებად ფაქტორებს:

  • პროექტის დაგეგმვის ეტაპზე არსებული ხარვეზები, მათ შორის: ა) პროექტთან დაკავშირებული გარემოებების/დეტალების არასათანადო შესწავლა, რაც შემდგომში იწვევს პროექტის დროში გაჭიანურებას ან/და მასში ცვლილებების განხორციელების საჭიროებას; ბ) პროექტის წინასწარი შეფასების ეტაპის ხარვეზი, რაც უკავშირდება საპროექტო ციკლში ნებართვების მოპოვებისთვის რეალისტური დროის განსაზღვრის ნაკლოვანებას. აღნიშნული აფერხებს სამშენებლო სამუშაოების დროულ დაწყებას და, შესაბამისად, იწვევს თანხის დაბალ ათვისებას;
  • ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება, რაც ქმნის მისი ხელახალი გამოცხადების საჭიროებას და აფერხებს სამუშაოების დროულად დაწყებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება გამოწვეულია მომწოდებლების დაბალი ინტერესით ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პრეტენდენტების არარსებობით;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ სამუშაოების არაჯეროვანი შესრულება (მათ შორის, მოსამზადებელი კვლევების/დოკუმენტაციისა თუ სამუშაოების დაგვიანებით ან/და შეფერხებით შესრულება), რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვის არასათანადო კლიმატური პირობები, რაც დამატებით აფერხებს სამუშაოების დროულ განხორციელებას;
  • გადაჭარბებით ათვისებასთან დაკავშირებით, ხშირ მიზეზს მომწოდებლის მიერ სამუშაოების მოსალოდნელზე მაღალი ტემპით წარმოება წარმოადგენს, რაც გამოწვეულია მათ მიერ დამატებითი პერსონალისა და საჭირო მასალა-დანადგარების მობილიზებით. აქვე, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს საავანსო თანხის ზრდას, რაც ზრდის საწყის გეგმებს. ასევე, რესურსებს ზრდის პროექტის მიმდინარეობისას დამატებით ისეთი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა, რაც არ იქნა გათვალისწინებული პროექტის დეტალური შესწავლის ეტაპზე.