როგორც ცნობილია, „ქართული ოცნება“ „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის გეგმას დაუბრუნდა. აღნიშნულის შესახებ მთავრობამ განკარგულება გამოსცა და მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის მომსახურების შესყიდვა დაავალა.

თბილისისთვის „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის იდეა არახალია. ჯერ კიდევ 2017 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „სამთავრობო ქალაქი“ ორთაჭალაში აშენდებოდა. პროექტით გათვალისწინებული იყო ყველა სამინისტროების ერთ სივრცეში თავმოყრა.

თუმცა, მოგვიანებით, 2019 წელს ნათია თურნავამ, რომელიც იმ დროისთვის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება აღარ განიხილებოდა, რადგან „მთავრობას სხვა პრიორიტეტები გააჩნდა“.

აღსანიშნავია, რომ მაშინ მთავრობა თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობისთვის ორ ტერიტორიას - ორთაჭალას და აღმაშენებლის ხეივანს განიხილავდა.

„ბიზნესპრესნიუსმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, არქიტექტორ მერაბ ბოლქვაძეს მიმართა კითხვით, აღნიშნული არეალებში შესაძლებელია თუ არა კვლავ პროექტის განხორციელდება.

როგორც მერაბ ბოლქვაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ორთაჭალისთვის ჯერ კიდევ 8 წლის წინ შემუშავებული იყო პროექტი. პროექტი შეიქმნა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე საავტომობილო გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მას შემდეგ რამდენიმე წელია გასულია, დღეს უნდა გადამოწმდეს როგორც ორთაჭალა, ასევე აღმაშენებლის ხეივანი, რამდენად არის ხელსაყრელი „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობისთვის.

„სამთავრობო ქალაქისთვის“ თავის დროზე გენ. გეგმით შეირჩა ორი ტერიტორია, ერთი იყო ორთაჭალაში, ყოფილი ციხეების მიმდებარე არეალი. ამ ტერიტორიისთვის მაშინ პროექტიც კი მომზადდა, მაგრამ შემდეგ განვითარება არ ჰპოვა. მეორე ადგილი იყო აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორია. დღეს უნდა შემოწმდეს და დადგინდეს ეს ტერიტორიები რამდენად არის ისევ თავისუფალი და შესაძლებელია თუ არა იქ სამთავრობო ქალაქის მშენებლობა. შესაძლოა, პროექტებს მოუწიოს კორექცია.

ზოგადად, სამთავრობო პოლიცენტრული არეალების დაგეგმარება ქალაქში შესაძლებელია. არსებობს სხვადასხვა სახის პოლიცენტრები, მაგალითად, სამედიცინო პოლიცენტრები. ასეთი სამედიცინო პოლიცენტრი თბილისის აქვს ორი: ერთი გახლავთ ლუბლიანის ქუჩის მიმდებარედ და მეორე გახლავთ „არამიანცის“ არეალში. სამთავრობო ქალაქის მსგავსი ობიექტი გარკვეულწილად ორთაჭალაში არის - იცით რომ, იქ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ა.შ. ასეთი პოლიცენტრები უცხოეთშიც არის და თბილისშიც შესაძლებელია „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, იყო ორი არეალი, მაგრამ რაკიღა წლები გავიდა, გადამოწმება უნდა, იქ ხომ არ გასხვისდა რომელიმე ფართი ან რაიმე ხომ არ დაიგეგმა“, - აღნიშნავს არქიტექტორი.

კითხვაზე, ამა თუ იმ ადგილას „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობა, ხომ არ შექმნის თბილისის კონკრეტულ არეალებში სიმჭიდროვის პრობლემას, მერაბ ბოლქვაძე პასუხობს, რომ არასაცხოვრებელი ფართების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ სიმჭიდროვე დასაშვებ ნორმას აღემატებოდეს.

tia.ge