საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დათო კიკვიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კომერციულ ბანკებს ფინტექ კომპანიების მიმართ კონკურენტული დამოკიდებულება აქვთ, რაც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. დავით კიკვიძე აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულება კოლაბორაციაში უნდა გადაიზარდოს და ამ მიზნით ასოციაცია და ეროვნული ბანკი მუშაობენ.

„ფინტექ კომპანიებს კომერციულ ბანკებთან ჯერ კიდევ უჭირთ თანამშრომლობა. კომერციული ბანკების ხედვა ფინტექებთან მიმართებაში ჯერ კიდევ რჩება მაინც როგორც კონკურენტული. ეს ხედვა უფრო აქვთ, ვიდრე კოლაბორაციის, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, ამ მიმართულებით როგორც ჩვენი ასოციაცია, ასევე ეროვნული ბანკი გარკვეულწილად ვმუშაობთ. ვცდილობთ, რომ ეს ხედვა შეიცვალოს და რაღაც მომენტში მცირე ნიშნები არის, რომ კომერციულმა ბანკებმა უკვე დაიწყეს ბენეფიტების დანახვა, მაგრამ ამას ჯერჯერობით ფართო მასშტაბი არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება და ეს დამოკიდებულება კონკურენციიდან კოლაბორაციაში გადაიზრდება.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.

საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეს ვკითხეთ, რით აიხსნება კომერციული ბანკების ასეთი დამოკიდებულება. დავით კიკვიძე განმარტავს, რომ კომერციული ბანკები ბიზნეს საქმიანობას ეწევიან და ისინი ყველაფერს ფინანსური სარგებლიანობის ჭრილში აფასებენ. მისივე თქმით, ქართულ რეალობაში ფინტექ ბაზარი ჯერჯერობით კომერციულად მაღალ დატვირთვას ვერ ატარებს, რის გამოც კომერციული ბანკები ფინანსურ სარგებელს ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ამ დამოკიდებულების ცვლილება გარდაუვალია და ბანკებს რაღაც ეტაპზე საკუთარი ბიზნეს მოდელის შეცვლა მოუწევთ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი (კომერციული ბანკები) ჯერჯერობით ვერ ხედავენ ამაში რეალურ ფინანსურ სარგებელს. ბანკიც ბიზნესია და ყველაფერს უყურებენ კომერციული დატვირთვით, ბიზნესურად. ყველაფერში ცდილობენ, რომ დაინახონ სარგებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ფინტექ ბაზარი ქართულ რეალობაში, თუნდაც ღია ბანკინგის გამოყენების ბენეფიტები ამ ეტაპზე კომერციულად მაღალ დატვირთვას ვერ ატარებს, ამიტომაც ბანკები ცდილობენ ჯერჯერობით შეინარჩუნონ საკუთარი უპირატესობა და დომინაცია ბაზარზე. ამიტომ უყურებენ კონკურენტულად, თუმცა ისევ და ისევ ეს ცვლილება გარდაუვალია. ფინტექების შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელია. დღეს თუ არა ხვალ ბანკებს რაღაც ეტაპზე მოუწევთ საკუთარი ბიზნეს მოდელის გადალაგება და ახალ რეალობაში შესაბამისი კოლაბორაციული მიდგომის ჩართვა“, - აცხადებს დავით კიკვიძე.