დაბინძურებული წყალი საბავშვო ბაღებში და სრულად მოშლილი კონტროლის მექანიზმი - ეს არის ის მწვავე რეალობა, რომელსაც "პირველების" მიერ მოპოვებული აუდიტის სკანდალური დასკვნა ასახავს. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2022-2024 წლებში ოზურგეთის ბაღებში ჩატარებული 160 წყლის ანალიზიდან 103 შემთხვევაში დარღვევა დაფიქსირდა. აუდიტის დასკვნა სახელმწიფო მაკონტროლებელს ჯერ არ გაუსაჯაროვებია, არადა, ანგარიში 2025 წლის 18 თებერვლით არის დათარიღებული.
"პირველების" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტში საუბარია უამრავ დარღვევაზე, მათ შორის იმ აიპებზე და ორგანიზაციებზე, რომლებიც ფორმალურადაა დაარსებული და თანამშრომლებიც ფიქტიურადაა გაფორმებული.
"პირველების" კამერამ გადაიღო ერთ-ერთი ასეთი შენობა, რომელიც რაგბის განვითარების კავშირის ადმინისტრაციას წარმოადგენს და წესით, 22 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ამ შენობას ერთი მცირე ოთახი აქვს, სადაც 22 ადამიანის მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. მუნიციპალიტეტს კი არ აქვს წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რა სახის სამუშაოს ეწევიან ეს ადამიანები და რაში იღებენ ხელფასს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.
თუ აუდიტის დასკვნით ვიხელმძღვანელებთ, ოზურგეთში სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის არაერთი შემთხვევაა გამოვლენილი. ერთ-ერთი მაგალითია საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი მანქანების საწვავის ხარჯი. ავზებში, იმაზე მეტ საწვავს ასხამენ, ვიდრე ტევადობა აქვს. ეს ფაქტები ოპოზიცია უჩენს ეჭვს, რომ ხალხის ფული ჩინოვნიკების ინტერესებისთვის იხარჯება.