წუხელ აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. საქართველო ირანთანაც და ისრაელთანაც ტერიტორიულად ახლომდებარე ქვეყანაა. თბილისიდან თეირანამდე დაახლოებით 1 213 კმ-ია (752 მილი), თბილისიდან იერუსალიმამდე  1 926 კმ-ი (1 194 მილი). ეს მანძილი კი ბირთვული რადიაციის გავრცელებისთვის მცირეა (გააჩნია დაბინძურების მასშტაბს).

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ადამიანები უსაფრთხოებაზე ღელავენ. ზოგიერთები მთავრობას მოუწოდებენ, მოსახლეობას დაურიგოს კალიუმის იოდიდი და რადიაციის მონიტორინგი საგანგებო რეჟიმში უწყვეტად აწარმოოს. 

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.

იმავეს აცხადებს საუდის არაბეთიც.

მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს საფრთხის განცდა მაინც აქვთ. აქტუალურია კითხვები, როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, თუ გავრცელდება ცნობა მათ სიახლოვეს რადიაციული დაბინძურებაზე? როგორ უნდა შეიტყონ მათ ამის შესახებ და ვისგან? მსგავსი კითხვები აქვთ საქართველოს მოქალაქეებსაც. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი საფრთხე გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს და თუკი ქვეყანა რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოჩნდება, რამდენად დროულად მიიღებენ ისინი ინფორმაციას დაბინძურების შესახებ და როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დასხივების ხარისხი?

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნინო ჩხო­ბა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­ჟონ­ვა რე­ა­ლუ­რად მოხ­და, ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი გად­მოს­ვლა სომ­ხე­თის გავ­ლით მოხ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, ამას­თან სომ­ხეთ­თა­ნაც არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დაც­ვლის პირ­და­პი­რი არ­ხე­ბი. ჩხო­ბა­ძის თქმით, ბირ­თვუ­ლი საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. მი­სი­ვე თქმით, ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში ქვე­ყა­ნამ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით უნდა იმოქ­მე­დოს.

„თუ ატო­მუ­რი სად­გუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა მოხ­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს სპე­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მა უნდა ჰქონ­დეს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. არ ვი­ცით რა გა­ნად­გურ­და, ამი­ტომ ვერ ვა­კე­თებთ პროგ­ნოზს. ინ­ფორ­მა­ცია რომ გვქონ­დეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში პროგ­ნო­ზის და მო­დე­ლი­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გავცვა­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია სომ­ხეთ­თან, რად­გან სომ­ხეთ­საც მო­ნი­ტო­რინ­გის ანა­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

როგორც ნინო ჩხობაძე ამბობს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უკვე უნდა მუ­შა­ობ­დეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე, რად­გან მისივე თქმით, ქვე­ყა­ნა არც ბუ­ნებ­რი­ვი და არც ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის­თვის არ არის საკ­მა­რი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

„თუ მოხ­და აფეთ­ქე­ბა ან გა­ჟონ­ვა ჩვენ სის­ტე­მა მზად არ გვაქვს. ჩვენ რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის­თვის არ ვართ მზად, ამ კა­ტას­ტრო­ფის­თვი­საც ბო­ლომ­დე გა­წე­რი­ლი გეგ­მა არ გვაქვს. იმე­დია, და­ვი­წყებთ მომ­ზა­დე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ასა­მოქ­მე­დე­ბე­ლი და და­სა­წე­რია. დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უკვე უნდა იკ­რი­ბე­ბო­დეს და ფიქ­რობ­დეს რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ. რამე რომ მოხ­დეს უკვე უნდა მზად­დე­ბო­დეს გეგ­მა: რო­გორ ვართ მზად და რო­გორ ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­ვუ­კე­თებთ მო­სახ­ლე­ო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

საქართველოში ბირთვულ და რადიაციულ სფეროს არაერთი სახელმწიფო უწყება და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკონტროლებს. მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჯანდაცვის სამინისტრო, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ა.შ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, საქართველოს საზღვარი მთლიანად აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით და რადიოქტიური ნივთიერების გამოვლენა ხდება ავტომატურად.

ამ ეტაპზე, საქართველოს რადიაციული დასხივების საფრთხე არ ემუქრება. მაგალითად, ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის ქსელის პორტალზე განთავსებული რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურების რუკის თანახმად, რომელიც რეალურ დროში გვაჩვენებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული დაბინძურების ხარისხს, საქართველოს მთელი ტერიტორია მწვანე ზონადაა მონიშნული.

რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში ქცევის წესები

4 მარტს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის პარალელურად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საკუთარ YouTub გვერდზე გაავრცელა სპეციალური ვიდეო-რგოლი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი მიიღებს ცნობას იმის შესახებ, რომ ის რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში იმყოფება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი, მაგრამ ადვილად შესასრულებელია.

აი, როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი (როგორც კი) რადიაციული დაბინძურების შესახებ ინფორმაციას მიიღებს:

  • ერიდებით ღია სივრცეებს. თუკი ქუჩაში ხართ, შედიხართ დახურულ სივრცეში.
  • ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში, ხურავთ ფანჯრებს და თიშავთ კონდიცირების სისტემას, რათა შეიზღუდოს სალონში ჰაერის მიწოდება გარედან.
  • არ დარჩეთ ავტომობილში, რადგან იქ ადვილად აღწევს რადიაციული დაბინძურება. ეცადეთ დროულად მიხვიდეთ სახლამდე ან უახლოეს შენობამდე.
  • თუკი სახლებში ან სხვა შენობაში ხართ, იქვე დარჩით.
  • საუკეთესოდ დაცული ადგილი არის სარდაფი ან შესაბამისი თავშესაფარი.
  • მჭიდროდ ჩაკეტეთ და დალუქეთ ფანჯრები და კარი. ააკარით ე.წ. სკოჩი. ანალოგიურად დალუქეთ სავენტილაციო სისტემა.
  • მოშორდით კედლებს, ფანჯრებსა და კარს და ეცადეთ, რომ დარჩეთ შენობის შუა ნაწილში.
  • საკვები შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერებში ან მაცივარში.
  • წყალი, წვენები ან სხვა სასმელები დალუქული კონტეინერებიდან დალიეთ.
  • თუ ფიქრობთ, რომ კონტეინერი ან პაკეტი შეიძლება დაბინძურებული იყოს რადიოაქტიური მტვერით, მის გასახსნელად გამოიყენეთ ნესტიანი ქსოვილი. შემდეგ ეს ქსოვილი მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში.
  • გაითვალისწინეთ, რომ სახლში არსებული სხვა წყალი, მაგალითად, წყალი, რომელიც შეიძლება იყოს ცხელი წყლის გამაცხელებელ ავზში ან სხვა დახურულ სივრცეში, არ იქნება დაბინძურებული რადიოაქტიური მტვერით.
  • რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში, ჩაიტარეთ დეკონტამინაცია
  • მიიღეთ შხაპი წყლის დიდი რაოდენობით.
  • თუკი სხეულზე ჭრილობები გაქვთ, ისინი შხაპის მიღებამდე ჰერმეტულად დაიფარეთ. არ გამოიყენოთ ქისა, ღრუბელი ან ე.წ. სკრაბი
  • თუ არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება, მაშინ დიდი რაოდენობით წყლით დაიბანეთ ხელები, სახე და ტანსაცმლით დაუფარავი სხეულის ნაწილები. თუკი წყალი არ გაქვთ, მაშინ გაიწმინდეთ სხეული ხელსახოცით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყურებს, თვალებსა და ნესტოებს.
  • დაბინძურებული ტანსაცმელი გაიხადეთ, ჩადეთ პოლიეთილენის პარკში ან სხვა კონტეინერში და გაიტანეთ შენობის გარეთ, ადამიანებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით.
  • მუდმივად ადევნეთ თვალი საინფორმაციო საშუალებებს, რადგან მიიღოთ განახლებული ინფორმაცია შემდგომი რეკომენდაციების შესახებ.

რადიაციისგან და ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი საფრთხეების თავიდან აცილებაში გვეხმარება ALARA-ს პრინციპი. ALARA არის ინგლისური ფრაზის "As Low As Reasonably Achievable” აკრონიმი, რომელიც ასე ითარგმნება: „იმდენად დაბალი, რამდენადაც გონივრულადაა მისაღწევი“. ამ პრინციპში კი იგულისხმება დრო, მანძილი და საფარი.

დრო: რაც ნაკლებ ხანს ვიქნებით მაღალ რადიაციულ ფონში, მით ნაკლებად დავსხივდებით და ჩვენს ორგანიზმს ნაკლები ზიანი მიადგება.

მანძილი: მანძილის გაზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულზე მოხვედრილ გამოსხივებას.

საფარი: ნებისმიერი წინაღობა, რომელიც არის გამოსხივების წყაროსა და დასხივების ობიექტს შორის, ამცირებს დასხივების დოზას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი გამოყენება. განსაკუთრებით ეფექტიანად ამცირებს გამოსხივებას მძიმე ელემენტები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა ტყვია.

ამჟამად დედამიწაზე 40 განვითარებულ ქვეყანაში დაახლოებით 450-ზე მეტი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია. საკმაოდ ბევრია მშენებარე და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი სადგურები. ჩერნობილისა (1986) და ფუკუშიმას (2011) ავარიებმა შელახა ატომური ელექტროსადგურების პრესტიჟი, მაგრამ სწორი ექსპლუატაციისა და წესების სრული დაცვისას მათი გარემოზე ზემოქმედება ნაკლებია ვიდრე ანალოგიური სიმძლავრის ჰიდრო, თბო და სხვა ტიპის ელექტროსადგურებისა.

დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.

ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.

ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ

ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ისრაელის რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს. „ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს

შეგახსენებთ, ბრიტანული მედია ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა, თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერების თანხლებით, მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენB-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანა შეუძლია.