აშშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.
დონალდ ტრამპა ოპერაციას წარმატებული უწოდა.
"დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოზე, ნათანზსა და ისპაჰანში", - დაწერა ტრამპმა.
მან მიულოცა ამერიკელ მებრძოლებს.
"მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“, - წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.
„ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება“, - თქვა ტრამპმა საღამოს ეთერის დროს.
მისი თქმით, „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“.
ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ს შეუძლია „სხვა სამიზნეების ზუსტი, სისწრაფითა და ოსტატურად შეტევა“, რაც, მისი თქმით, „რამდენიმე წუთში“ შეიძლება განხორციელდეს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამი ირანული ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი „ბირთვული საფრთხის“ შეჩერება იყო.
„ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.
ტრამპის თქმით, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით.
„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ ხელებს, აფეთქებდნენ მათ ფეხებს. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით“, - დასძინა ტრამპმა.
ირანის განცხადებით, ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა და განაცხადა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.