აჭარაში საზაფხულო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის რეგიონის მცხოვრებლებს ტურისტული სეზონის გახსნა მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.

როგორც სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, აჭარის რეგიონში, ტურისტების რაოდენობა მზარდია და შესაბამისად, რეგიონი დამსვენებლებს განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ხვდება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ წელს ძალიან წარმატებული სეზონი გვექნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, შესაბამისად, მზარდია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. აჭარა საზღვაო ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით. გაიხსნა ბევრი ახალი განთავსების, კვების და გასართობი ობიექტი, როგორც ზღვის სანაპირო კურორტებზე, ასევე მთიან მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გავხსნით კიდევ ბევრ ახალ ტურისტულ ობიექტს, მათ შორის, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელ ორზოლიან ზიპლაინს. ყოველივე ზემო აღნიშნულთან ერთად უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი წესრიგისა და ჯანმრთელობის დაცვა. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა
სამინისტროს, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით საპოლიციო და სამაშველო ძალები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ, როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში, ტურისტული სეზონი იქნება წარმატებული და წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება.“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.