ტრამპის თქმით, ევროკავშირი ვაშინგტონს „სამართლიან სავაჭრო გარიგებას“ არ სთავაზობს
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს, 17 ივნისს განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ვაშინგტონი როგორც მეგობრებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან სატარიფო მოლაპარაკებებს აწარმოებს, ევროკავშირს „სამართლიანი სავაჭრო გარიგება“ ჯერ არ შეუთავაზებია. „ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ჯერ ვერ ვგრძნობ, რომ ისინი სამართლიან შეთანხმებას გვთავაზობენ. ჩვენ ან კარგ შეთანხმებას გავაფორმებთ, ან ისინი გადაიხდიან იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვეტყვით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ის კანადაში მიმდინარე G7-ის სამიტიდან შეერთებულ შტატებში Air Force One-ის ბორტით ვაშინგტონში ბრუნდებოდა. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან მალევე, ტრამპმა გლობალური ეკონომიკური წესრიგი შეცვალა, შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორები არასამართლიან პარტნიორობაში დაადანაშაულა და თითქმის ყველა ქვეყანას უზარმაზარი ტარიფები დააკისრა.
ტრამპმა აშშ-ს სავაჭრო პარტნიორების უმეტესობას 10-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, ხოლო ათობით ქვეყანას, მათ შორის ინდოეთს, აგრეთვე ევროკავშირს, უფრო მაღალი ინდივიდუალური განაკვეთები დაუდგინა. თუმცა, გაზრდილი განაკვეთები მან მალევე შეაჩერა. ამ უფრო მაღალი გადასახადების შეჩერების ვადა 9 ივლისს იწურება. აშშ-ს პრეზიდენტმა დამატებითი სექტორული გადასახადები ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზეც დააწესა, რამაც აშშ-ს ბევრ სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის ევროკავშირს, დიდი დარტყმა მიაყენა. კანადაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მსოფლიო ლიდერებმა ტრამპს სავაჭრო ომში უკანდახევისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სატარიფო საკითხებში გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას.
ერთი დღით ადრე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა G7-ის ლიდერებს პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკაზე უარის თქმის თხოვნით მიმართა. „მოდით, შევინარჩუნოთ ერთმანეთთან სამართლიანი, პროგნოზირებადი და ღია ვაჭრობა. პროტექციონიზმს ყველამ უნდა ავარიდოთ თავი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. აშშ-ს პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ მოლაპარაკებები ვადაზე ადრე, ირანსა და ისრაელს შორის არსებული კრიზისის მოტივით დატოვა და სამშაბათს დილით ვაშინგტონში დაბრუნდა.
წყარო: 1არხი