ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გაემგზავრა.
„ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.” - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მანამდე “მთავართან” საუბარში საქართველოს მოქალაქემ ისრაელში განაცხადა, რომ საემიგრაციო ციხეში მყოფი ქართველები მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე დახმარებას ითხოვდნენ, რადგან მათ ისეთ იზოლატორში უწევდათ ყოფნა, სადაც თავშესაფარი არ იყო, შესაბამისად, დაბომბვის დროს თავს საფრთხის ქვეშ გრძნობდნენ.
ისრაელმა და ირანმა ცეცხლი გაცვალეს უშედეგო დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე
ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით.
“სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა“, – ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.