ლატვიის სახელმწიფო პოლიციამ დაასრულა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზებაში, ანუ ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.
ჯგუფის წევრებმა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროს გათეთრება მოახდინეს. ეჭვმიტანილებმა ლატვიაში და მის ფარგლებს გარეთ შეიძინეს ძვირადღირებული უძრავი ქონება და ფუფუნების საგნები. ამასთან, დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები ახალი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩადეს.
ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ, 2012 წელს ან, შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე დაიწყო.
2023 წლის 18 დეკემბერს, ლატვიის სახელმწიფო პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორატის ორგანიზებულ და მძიმე დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტმა, ადრე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანების გზით, სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაიწყო („ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობის ფინანსური რესურსების ლეგალიზება“).
ასეთი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან თორმეტ წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე, ხოლო მისი მოხდის შემდეგ - პირობითი მსჯავრით სამ წლამდე ვადით ან პირობითი მსჯავრის გარეშე.
2024 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, ცხრა პირი დააკავეს. ეჭვმიტანილები დაბადებულები არიან 1962-დან 1987 წლამდე პერიოდში. ერთ-ერთ მათგანს წარსულში სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ჰქონდა ნასამართლეობა.
გამოძიების პერიოდში, ამოღებულია ნაღდი ფულადი აქტივები, დაყადაღებულია ესპანეთის სამეფოში არსებული უძრავი ქონება, ავტომობილები, რეტრო ავტომობილების კოლექცია, აქციები, ფული, ძვირფასი ლითონისა და თვლების სამკაულები, მონეტების კოლექციები და ძვირადღირებული მაჯის საათები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 15 მილიონი ევროა.
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში რეგისტრირებული დაცვის კომპანიის მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, რომელიც ორგანიზებული ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა და რომლის დაფუძნებასა და ფუნქციონირებას კრიმინალური გზით მოპოვებული თანხები მოხმარდა.
მიმდინარე წლის 29 აპრილს, საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის საქმე, ცხრა პირის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების დასაწყებად, რიგის რაიონულ პროკურატურას გადასცეს.
წყარო: 1არხი