"რუსი ექსპერტების შეფასებით, რუსეთში არსებული ვითარება ეკონომიკაში არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ქვეყნის ეკონომიკაში საინვესტიციო ციკლი შეჩერდა, რაც ნიშნავს რომ ბიზნესს შეუმცირდა ქვეყნის მიმართ ნდობა. რუსეთი სისტემურ ეკონომიკურ სტაგნაციაში ჩავარდნის რისკის ქვეშაა," - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

პოსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:

"რუსული პრესა აშუქებს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მსვლელობას. "ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა, „СберБанк“-მა, ა.წ. პირველ კვარტალში, არც ერთი ახალი საინვესტიციო პროექტი არ დააფინანსა - განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გერმან გრეფმა, ფორუმზე გამოსვლისას.

„რაც შეეხება შიდა ვითარებას, ჩვენ წინაშე დგას პრობლემების დიდი ნაკრები, რომელსაც დღეს შეიძლება ეწოდოს იდეალური ქარიშხალი“ - აღნიშნა გრეფმა.

"პირველ რიგში, ჩვენ ვსაუბრობთ ცენტრალური ბანკის მაღალ საპროცენტო განაკვეთზე, რაც გავლენას ახდენს ბიზნესის მომგებიანობაზე და აიძულებს მას შეცვალოს გეგმები. სამწუხაროდ, ეს საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ ზრდას არა მხოლოდ წელს, არამედ რაც მთავარია - ორი-სამი წლის პერსპექტივაში“, - განაცხადა გრეფმა.

"მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩამორჩენაზე პროდუქტიულობაში განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სხვადასხვა ინდუსტრიაში, ჩვენ 40%-დან ოთხჯერ ჩამორვჩებით მათ" - აცხადებს გრეფი.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება ეკონომიკაში არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. UNCTAD-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2024 წელს მხოლოდ 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა - ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2001 წლის შემდეგ.

შედარებისთვის: 2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 38.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 11-ჯერ აღემატება დღევანდელ მოცულობას. ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ანომალია, არამედ სისტემური სიგნალია: ეკონომიკაში საინვესტიციო ციკლი შეჩერდა - აცხადებენ რუსი ეკონომისტები.

ბიზნესის მხრიდან ინვესტიციების შეჩერება უფრო ღრმა პრობლემას ნიშნავს - ნდობისა და ჰორიზონტალური დაგეგმვის შემცირებას.

რუსეთი სისტემურ ეკონომიკურ სტაგნაციაში ჩავარდნის რისკის ქვეშაა - ასკვნიან რუსი ეკონომისტები." - წერს საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი.