ესტონეთის საგადასახადო-საბაჟო სააგენტოს (MTA) მიერ ხუთშაბათს, 19 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, ზაფხულში ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე გრძელი რიგებია მოსალოდნელი. ლოდინის დრო ამჟამად უკვე 12 საათს აღწევს.
სააგენტოს განცხადებით, ვინაიდან რუსეთში საზღვრის გადამკვეთთა რიცხვი იზრდება, შესაბამისად იზრდება საბაჟო კონტროლის თანამშრომელთა დატვირთვაც. მათი მთავარი პრიორიტეტი სანქციების დარღვევის თავიდან აცილებაა.
MTA მოგზაურებს მიმართავს და სთხოვს, შეამოწმონ, საზღვარზე აკრძალული საქონელი ხომ არ გადააქვთ.
„დღეს საზღვარზე ლოდინის საშუალო დრო დაახლოებით 12 საათამდეა და ზაფხულის პერიოდში ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს საბაჟო კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვოლდემარ ლინო ამბობს, რომ ესტონეთის ტერიტორიიდან გამსვლელ ყველა ადამიანს, სატრანსპორტო საშუალებასა და საქონელს სრული საბაჟო კონტროლი უტარდება. მისივე თქმით, შემოწმების დროს დარღვევები ხშირად ფიქსირდება.
„ყოველდღე გვხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკნოტებით, ასევე სანქციებს დაქვემდებარებული საქონლით საზღვრის გადაკვეთის მცდელობები. ვინაიდან MTA-ს შეუძლია ამ დარღვევებთან დაკავშირებით დაიწყოს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, შესაბამისად, ისეთი თავის გამართლება, როგორიცაა, მაგალითად, ნაღდი ფული ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენა, საკმარისი აღარ არის “, - ხაზგასმით აღნიშნა ლინომ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარვას, კოიდულასა და ლუჰამაას საბაჟოებზე სანქციების დარღვევის 340 შემთხვევა გამოვლინდა.
„ორ თვეში, სააგენტომ რუსეთში 193 000 ევროს ღირებულების ბანკნოტების გატანა აღკვეთა, 213 სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და კანონდამრღვევებს, ჯარიმის სახით, 42 000 ევროს გადახდა დააკისრა“, - განაცხადა ლინომ.
MTA კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. აკრძალული საქონლის სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ესტონეთის საზღვრებთან რიგები 2022 წლიდან გაიზარდა, რადგან ევროპიდან რუსეთში შესვლა ახლა მხოლოდ სახმელეთო გზით არის შესაძლებელი. ფინეთის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტები დღემდე დაკეტილია, რაც მგზავრთა დამატებითი ნაკადის ესტონეთზე გადმომისამართებას იწვევს.
წყარო: 1არხი