აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მოუწოდებს ჩინეთის მთავრობას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ისინი თავად მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ორმუზის სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, ირანის მხრიდან ორმუზის სრუტის ჩაკეტვა საშინელი შეცდომა და „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ იქნება.
მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანის მხრიდან ასეთი ქმედებები გამოიწვევს ფართომასშტაბიან ესკალაციას, რომელზეც არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ სხვა ქვეყნებიც იძულებული იქნებიან, რეაგირება მოახდინონ.
„ირანის მხრიდან საპასუხო მოქმედება აშშ-ის თავდასხმაზე საშინელი შეცდომა იქნება და ამას არ ვისურვებდით. ჩვენ გვსურს უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. მათ სურთ სამოქალაქო ბირთვული პროგრამა, ელექტროსადგურები, ისევე როგორც ბევრ ქვეყანას აქვს მსოფლიოში. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და ამის შეთავაზება იყო. მათ ეს უარყვეს. ისინი გვეთამაშებოდნენ, უფრო სწორად, ვიტყოდი, რომ სცადეს თამაში. მათ არ უპასუხეს შეთავაზებას. ისინი ათი დღით გაქრნენ. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა იმოქმედა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამხედრო ბაზები იმიტომ აქვს, რომ დაიცვას ეს ქვეყნები ირანისგან. რუბიოს მტკიცებით, სწორედ ირანია ახლო აღმოსავლთში ყველა პრობლემის უკან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ხვალვე განაახლოს ირანთან მოლაპარაკებები.