ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ, თეირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა. გაერო-ში ირანის ელჩის, ამირ საიდ ირავანის წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდასხმა არის სერიოზული საფრთხე რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ირანის ელჩის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სრული ზედამხედველობით.
როგორც ირანის ელჩი აღნიშნავს, აშშ-ის დარტყმები არღვევს გაერო-ს წესდებას და ბირთვული გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებას.
ამირ საიდ ირავანი საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს „ამ უკანონო აქტის შესასწავლად, მის დასაგმობად აუცილებელი ზომების მისაღებად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებლები არ დარჩნენ დაუსჯელები“.
დღეს აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.
ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
საუდის არაბეთშიც განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.