გავლენიანმა უცხოელ ინვესტორთა საბჭომ (FICIL) გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ლატვიაში საჭიროა ღრმა რეფორმების გატარება სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში „ფავორიტიზმის, კორუფციის რისკებისა და უსამართლობასთან დაკავშირებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“.

FICIL-ი, უახლესი კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, აღიარებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ ბოლო წლებში „მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა“, მაგრამ, ამავე დროს, შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ამ სფეროში მიმდინარე პროცესების სამართლიანობისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები ლატვიაში ბევრად უფრო თვალშისაცემია, ვიდრე ბალტიის სხვა ქვეყნებში - ესტონეთსა და ლიეტუვაში.

2023 წელს ლატვიაში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 5.4 მილიარდ ევროს (დღგ-ს გამოკლებით) მიაღწია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 14%-ია. უცხოელი ინვესტორების თქმით, „სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამოწვევები კარგად არის ცნობილი“. ამ გამოწვევებში შედის: რთული და ფრაგმენტული წესები, რაც ზრდის ადმინისტრაციულ ტვირთს და ხარჯებს; ნაკლებად პროფესიული კადრები; გამჭვირვალობის ნაკლებობა; არათანმიმდევრული პრაქტიკა და ტენდენცია, რომ ხარისხის ნაცვლად უპირატესობა დაბალ ფასს მიენიჭოს - 2021-2023 წლებში შესყიდვებში გამარჯვებულების 73% მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის საფუძველზე შეირჩა.

„ეს პრობლემები ხელს უშლის კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, რაც ასუსტებს კონკურენციას და აუარესებს პროექტების ხარისხს. ლატვიაში, სახელმწიფო შესყიდვებში, ნეპოტიზმის რისკები უფრო მაღალია ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და სხვა სექტორებში მოქმედი კომპანიებისთვის, რომლებიც ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ბიზნესით არიან დაკავებულნი“, - აცხადებს FICIL-ი, რომელმაც მაგალითად სიგულდას მუნიციპალიტეტში ტელეკომუნიკაციების შესყიდვის ფაქტი მოიყვანა.

„შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი ტენდერის ჩატარების გარეშე აფორმებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, უცხოელ ინვესტორებში ხშირად აჩენს კითხვებს. მაგალითად, ტრანსპორტის სამინისტრო ამჟამად გეგმავს არსებულ პარტნიორთან (VAS „Latvijas Pasts“) საყოველთაო საფოსტო მომსახურების უფლების გაგრძელებას. რამდენიმე უცხოელი ინვესტორისა და საფოსტო ბიზნესის ასოციაციის (PKB) შეფასებით, ასეთი ქმედება ზღუდავს კონკურენციას და ხელს უშლის ბაზრის სხვა მონაწილეებს, რომ მომხმარებელს, ამანათების მიწოდების სფეროში, პოტენციურად უკეთესი სერვისები შესთავაზონ“, - აცხადებს უცხოელ ინვესტორთა საბჭო.

უცხოელმა ინვესტორებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება „გრძელვადიანი პარტნიორობის გამო, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კონკრეტულ კომპანიებს შორის ჩამოყალიბდა, რადგან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ შეიძლება შეასუსტოს დამოუკიდებლობა და ხელი შეუშალოს ობიექტური შეფასებას“.

FICIL-ი, ამ შემთხვევაშიც, კონკრეტულ ფაქტს ასახელებს - უცხოელ ინვესტორთა საბჭომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა თხოვნით, აეხსნა, ტენდერის ჩატარების გარეშე რატომ გააფორმა ხელშეკრულება ლატვიის უნივერსიტეტის პროდუქტიულობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, რომელთანაც სამინისტრო დიდი ხანია თანამშრომლობს. FICIL-ს ეჭვი შეაქვს როგორც პროექტის საჭიროებაში, ასევე კვლევის დამოუკიდებლობაში, რადგან ზოგიერთი თანამშრომელი ერთდროულად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ისე ლატვიის უნივერსიტეტის პროდუქტიულობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რაც ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. უცხოელ ინვესტორთა საბჭოს განცხადებით, მიმართვაზე პასუხი სამინისტროდან ჯერ არ მიუღია.

FICIL-ის სამართლიანი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ექსპერტი, მარის ბუტანსი ამბობს:

„ამ დაწესებულებების საქმიანობა დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ნეიტრალიტეტი და ობიექტური შეფასება. თუ დამკვეთს აქვს სხვა მიზეზები, რის გამოც ის რეგულარულად ავლენს ლოიალობას კონკრეტული სერვისის მიმწოდებლების მიმართ, ეს შემთხვევები ღიად უნდა იქნას განხილული, ხოლო მათი გამომწვევი მიზეზები - გამოძიებული, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სახსრების ეფექტური გამოყენება და მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება“.

FICIL-მა მოუწოდა ლატვიის მთავრობას, განაგრძოს რეფორმები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და კონკურენტუნარიანს გახდის, მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს და ლატვიის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

წყარო 1tv.ge