TI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, ქონების დამალვასა და გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ის ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მდიდრდებიან ჩინოვნიკები თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ.
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკების წესია, რომ საზოგადოებას დაუმალონ ის მოპარული ქონება, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში იპარავდნენ ეს არის მათი ტაქტიკა და მათი წესი და ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა ჩინოვნიკი, მათ შორის საკრებულოს წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იქნება თუ საქართველოს პარლამენტის წევრი, აბსოლუტურად ყველა მოვიდა სულ სხვა ქონებრივი შესაძლებლობებით და დღეს არიან გარკვეულწილად უკვე გამორჩეულად დიდი ეკონომიკის და დიდი ფინანსური საშუალების მქონე ადამიანები," - ამბობს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი გენო თებიძე.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ლევან გორგილაძე ამბობს, რომ თამაზაშვილი, რომელიც წლები ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, თანამდებობრივ გავლენას პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდა.
"ვინ იყო აქამდე სულხან თამაზაშვილი? ის იყო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი, ის მონაწილებდა დარბევებში, დასახიჩრებაში ადამიანების. ამის გამო ის დასანქცირებული იქნა ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ. ამის შემდეგ, თორიკე რიჟვაძის თავიდან მოშორების შემდეგ, და ის არ გადამდგარა, არავის სჯერა ამის, ის მოგვევლინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ და აგრძელებს საკუთარი და ირგვლივ მყოფთა კეთილდღეობის მოხვეჭას. ამას ბედავენ იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს არჩევნები და აღარ არსებობს სამართლიანი სასამართლო," - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ლევან გორგილაძე.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში, მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების მიმდებარედ, 2,887 კვ.მ დაურეგისტრირებული მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა და მასზე საცხოვრებელი სახლი უკანონოდ ააშენა - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ავცელებს.
ანგარიშის მიხედვით, თამაზაშვილი ასევე საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციას ქონებრივ დეკლარაციაში რამდენიმე წლის განმავლობაში არ უთითებდა, მოგვიანებით კი, საკუთრების წილზეც არასწორი მონაცემები ჩაწერა.