2025 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შესრულებამ 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88%-ია.

შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადასახადების მობილიზება 13 მილიარდი ლარი იყო, რაც წელს შემოსავლების 8%-იან მატებას ნიშნავს, ხოლო აგვისტოში აკრეფილი 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 171 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით მეტია.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:

  • დამატებული ღირებულების გადასახადი - აგვისტოში 674 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5.15 მილიარდი, 9 თვის გეგმის 86%;
  • საშემოსავლო გადასახადი - აგვისტოში 637 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾5 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 90%;
  • მოგების გადასახადი - აგვისტოში 150 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.87 მილიარდი, 9 თვის გეგმის 79%;
  • აქციზის გადასახადი - აგვისტოში 250 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾1.65 მილიარდი, 9 თვის გეგმის 85%;
  • იმპორტის გადასახადი - აგვისტოში 11.6 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾95 მილიონი, 9 თვის გეგმის 84%;
  • სხვა გადასახადები - აგვისტოში 4 მილიონი ლარი, 8 თვეში - ₾443 მილიონი, 9 თვის გეგმის 222%.

შესაბამისად, ძირითადი გადასახადებიდან საშემოსავლო გადასახადის შესრულების ტემპი ყველაზე მაღალია და 8 თვეში 9 თვის გეგმის 90% უკვე მობილიზებულია. თუმცა ჩამორჩენაა მოგების გადასახადში. იმ შემთხვევაში თუკი მიმდინარე თვეში ფინანსთა სამინისტრო 512 მილიონი ლარის მოგების გადასახადს არ ამოიღებს (რაც სამჯერ მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე), მაშინ ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდება. დღგ-ს 9 თვის გეგმის სრულად შესრულებისთვის კი ფინანსთა სამინისტრომ სექტემბრის განმავლობაში 871 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 29%-ით, ანუ 197 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული გადასახადების მიმართულებით 9 თვის გეგმა სრულად ვერ შესრულდეს.

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აქ პირიქით გადაჭარბებაა, რადგან 8 თვის განმავლობაში საშუალოდ ბიუჯეტში 620 მილიონი ლარი შედიოდა, მაშინ როდესაც გეგმით ის თვეში 611 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული.

მთლიანობაში 2025 წელს მთავრობა ეკონომიკიდან 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს - 8 თვეში აქედან 14.2 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 65% უკვე ათვისებულია.

bm.ge