ვალუტის ონლაინ კონვერტაციის აპლიკაცია ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმის KURSI.GE-ს თანადამფუძნებელმა ნინო კუპრაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, KURSI.GE-ის ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე, მომხმარებლებმა პლატფორმის მეშვეობით უკვე 1 მლრდ. ლარზე მეტი დააკონვერტირეს. 

"ამჟამად, 50 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანხა დავაზოგინოთ მომხმარებლებს, მათ შორის, კომპანიებს და ფიზიკურ პირებს. პლატფორმის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ქართველია, თუმცა სერვისით ის უცხოური კომპანიებიც სარგებლობენ, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. მოგეხსენებათ, რომ პლატფორმაზე სერვისის მიღება რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, თუმცა ბოლო მონაცემებით, კონვერტაციას რეგისტრაციის გარეშე მომხმარებლების მხოლოდ 10% ახორციელებს. 

ჩვენი პლატფორმა ამჟამად 2 ბანკის მომხმარებლებს ემსახურება და მომავალში ვგეგმავთ, როგორც ბანკების ჩამონათვალის დამატებას, ისე ვალუტების. გარდა ამისა, სექტემბრისთვის ბაზარზე kursi.ge-ს აპლიკაციის ჩაშვებასაც ვგეგმავთ. 

ვფიქრობთ, რომ ზოგადად მსოფლიო გაციფრულებისკენ მიდის და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ ახალი მოთამაშეებიც გაჩნდებიან, რასაც ჩვენ მივესალმებით", - აცხადებს ნინო კუპრაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული KURSI.GE არის ვალუტის ონლაინ კონვერტაციის პირველი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. KURSI.GE მომხმარებლებს ვალუტის კონვერტაციას ჯიხურის კურსით სთავაზობს.

სტარტაპი GITA-ს 150 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

წყარო: ბიზნესპარტნიორი