„ამ თემის თეორიული განხილვაც კი, და საქართველოს მხრიდან დუმილი სერიოზულად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი, ნიკოლოზ ალავიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორთან დაკავშირებით.
კერძოდ, შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დიმიტრი მასიუკმა განაცხადა, რომ „რუსული მხარე საქართველოსთან ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზაციის ერთგულია და მზად არის, ქვეყანა ჩრდილოეთ-სამხრეთის სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანს დააკავშიროს“.
როგორც ალავიძე ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რუსული მხარის მიერ გაკეთებული განცხადება არის პროვოკაცია, რასაც ქართული მხარის მიერ შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს.
„ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი 2002 წლის ინიციატივაა. ეს კრემლის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის, ირანისა და ინდოეთის დაკავშირებას. იმ პერიოდში ამ კორიდორთან დაკავშირებით ხელმოსაჭიდი ვერაფერი მოიძებნა და იდეა სადღეგრძელოდ დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ ამ თემას კრემლი კვლავ ააქტიურებს. ეს არის დერეფანი, რომელიც თეორიულად სუეცის არხის ალტერნატივად განიხილება და ტრანზიტის დროს ამცირებს. თუმცა, ამ მარშრუტმა თეორიულად უნდა გაიაროს საქართველოზე და ჰქონდეს შავ ზღვაზე წვდომა. თურქეთი ხმელეთით ამ ტვირთების გატარებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მკაცრი პოზიცია აქვს. შესაბამისად, თუკი თეორიულ დონეზეც კი ამ მარშრუტის განხილვა დაიწყება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს შავი ზღვისკენ გასასვლელი უნდა დავუთმოთ.
თეორიული განხილვაც კი ამ თემაზე და საქართველოს მხრიდან დუმილი სერიოზულად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. თეორიულად რომ დავუშვათ ამ დერეფნის ამოქმედება, მაშინვე დგება ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვაღიაროთ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი იმ ფორმით, როგორც ამას რუსეთი ამბობს. რუსეთისთვის აუცილებელია, რომ ამ დერეფანმა შავ ზღვამდე მიაღწიოს და მოხდეს ტვირთების დამუშავება. თუ რუსეთი დაიწყებს ამ დერეფნის ამუშავებას, თავისი ტვირთები უნდა „დაიცვას“, ზუსტად ის სცენარი შესაძლოა, განმეორდეს, რაც 1990-იან წლებში ვნახეთ, როდესაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის „დასაცავად“ შემოსული რუსული ჯარები ქვეყნის უბედურებად გადაიქცა“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძემ.
ამასთანავე, მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დერეფანში ჩართული ორი ქვეყანა - რუსეთი და ირანი სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მხრიდან. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, „საქართველოს პროცესებში თეორიული ჩართვის განხილვაც კი, ავტომატურად სანქციების ქვეშ გვაქცევს“.
„ეს იქნება ჩვენი მხრიდან სანქცირებული ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე ხელშეწყობა სამხედრო ტვირთების მოძრაობის კუთხით. რუსეთს ძალიან სჭირდება, რომ სანქციების გვერდის ავლით ზღვაზე მეტი გასასვლელი იპოვოს. რუსეთმა ინდოეთს რომ მიაღწიოს, უწევს სუეცის არხის გავლა, ამიტომ, ეძებს ალტერნატივებს. ირანისთვისაც სასარგებლოა, რომ ალტერნატივები მოძებნოს. ეს (ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორის) ალტერნატივა პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვა და ცივილურ სამყაროსთან ინტეგრაციის მოწყვეტა“.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 1999 წლიდან აქტიურად ვართ ჩართულები „ტრასეკას“ პროექტში, რომელიც ამჟამად რეალურად ფუნქციონირებს. გარდა ამისა, საქართველოზე გადის შუა დერეფანიც - ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური მარშრუტი. თუ გვინდა, რომ ჩვენი ხმა კვლავ ისმოდეს, რომ ვარსებობდეთ როგორც ქვეყანა, მთელი ყურადღება სწორედ „ტრასეკასა“ და შუა დერეფნის განვითარებაზე უნდა გადავიტანოთ.
გზები, რომლებიც ახლა საქართველოში კეთდება და რომელთა ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელ მარშრუტებად წარმოუდგენია რუსეთს, მაგალითად, კობი–გუდაური და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ხორციელდება. კობი–გუდაურის გზისა და შემოვლითი ინფრასტრუქტურის ძირითადი დამფინანსებლები არის აზიის განვითარების ბანკი (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ADB ავტომატურად ჩინეთთან აკავშირებს, სინამდვილეში ჩინეთის წილი ბანკში მინიმალურია. ამ ინსტიტუტის წამყვანი დამფუძნებლები არიან იაპონია, ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები და მათი ინტერესები არანაირად არ ემთხვევა რუსეთისა და ირანის ინტერესებს.
თეორიული განხილვაც კი საქართველოს მხრიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში ჩართვით, გამოიწვევს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაფინანსების დაუყოვნებლივ შეჩერებას. რით უნდა დავაფინანსოთ პროექტები? ეს ინვესტორები საქართველოში იმიტომ არ არიან, რომ ირანისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურონ. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს შესაბამისი მაღალი დონის განმარტება, რომ ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული მცდელობა, რომელიც საზოგადოების შფოთვის გამწვავებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნავს ალავიძე.
შექმნილ ვითარებაში რესპონდენტი მიიჩნევს, რომ რუსული მხარის განცხადებას საქართველომ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე ჩრდილოეთ-სამხრეთ კორიდორში ჩართვას თეორიულადაც კი არ განიხილავს.
„ეს კორიდორი კრემლის მხრიდან ყოველთვის სავაჭრო საკითხია და პერიოდულად გამოაგორებს ხოლმე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან სახელმწიფომ გასცეს კრიტიკული პასუხი და მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ, რომ თეორიაშიც კი არ განიხილება მსგავსი რამ. ეს საკითხი აბსოლუტურად ყველანაირი ტიპის რისკს ატარებს ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით. ამის თეორიული განხილვაც კი, საქართველოსთვის იქნება პირდაპირი კაპიტულაცია და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება იმ ფორმით, როგორც კრემლი მოითხოვს.
ამ პროვოკაციული განცხადების რეაგირების გარეშე დარჩენა დაუშვებელია. მდგომარეობა გვაქვს ქვეყნის შიგნით, მაგრამ მსგავსი განცხადება უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ. ესაა მორიგი პროვოკაციული თამაში რუსეთის მხრიდან. კარგი იქნებოდა, მოვისმინოთ ამის გამაქარწყლებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის მხრიდან, რომ საქართველო მუშაობს „ტრასეკას“ პროექტებზე და შუა დერეფნის გაძლიერებაზე და მსგავს ნაბიჯებს არც განიხილავს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ნიკოლოზ ალავიძემ.