„ჩვენი სასტუმროს ტიპიდან გამომდინარე, დატვირთულობა და მოლოდინები კარგი გვაქვს; ჯავშნები არის, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ რაჭაში ტურიზმი კარგად არის განვითარებული“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „გარემოს“ დამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რაჭაში ტურიზმი პერიოდულობით ხასიათდება. უფრო კონკრეტულად, ობიექტები ძირითადად ივლისსა და აგვისტოში არიან დატვირთულები; ის საოჯახო სასტუმროები, რომლებიც ტურიზმში დამატებითი შემოსავლებისთვის არიან ჩართულები, ორთვიანი მუშაობაც აკმაყოფილებს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ ტურიზმით ბიზნესის კეთებაზე, ამისგან რეგიონი ჯერ კიდევ შორს არის.
„უცნაური ზაფხული გვაქვს - ჯერ კიდევ ძალიან ცივა, რაც ხელს უწყობს იმას, რომ მათ, ვისაც სურვილი აქვთ, სითბოში ჩამოვიდნენ რაჭაში, გეგმები შეცვალონ და ჯავშანი გადადონ. ტურისტული სეზონი რაჭაში ოფიციალურად გაიხსნა. ჩვენი სასტუმროს ტიპიდან გამომდინარე, მოლოდინებიც კარგი გვაქვს. მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ობიექტებზე არის მოთხოვნა და ცხადია, ზაფხულში ეს მოთხოვნა იმატებს.
ჯავშნები გვაქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაჭაში ტურიზმი კარგად არის განვითარებული და ამიტომ გვაქვს ჯავშნები. უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა არის ჩვენი ობიექტის ტიპიდან გამომდინარე, სხვა შემთხვევაში რაჭაში არსებულ მდგომარეობას ვერ ვუწოდებთ ტურიზმის განვითარებას; რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ჩვენთან მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე მიწოდებაა, იმიტომ, რომ კოტეჯების რაოდენობა ცოტაა. რაც შეეხება საერთო ფონს, რაჭაში არის კოტეჯებიც, ასევე მინიმუმ 80%-ს აქვს საოჯახო სასტუმრო. ზაფხულში იტვირთება ობიექტები, მაგრამ ძირითადი დატვირთვა ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდეა. ამ პერიოდში თითქმის ყველა და ყველაფერი მუშაობს. ის ადამიანები, რომლებსაც დამატებით შემოსავლისთვის აქვთ გაკეთებული კოტეჯი და საოჯახო სასტუმრო, კმაყოფილდებიან ამ თვე-ნახევრიან მუშაობას. თუმცა თუ ბიზნესურად შევხედავთ, ეს არ არის საკმარისი არც ბიზნესისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის“, - დასძინა რესპონდენტმა.
ამასთანავე, თამარ დავითულიანი აღნიშნავს, რომ რაჭა ამ დრომდე ძირითადად უფრო მეტად შიდა ტურისტებს მასპინძლობს, საერთაშორისო ტურიზმის მიმართულება კი, პრაქტიკულად, აუთვისებელია.
„რაჭა ძირითადად შიდა ტურისტებით არის დატვირთული. დასასვენებლად მოდიან ოჯახებით „ქალაქგარეთ გავიყვანოთ ბავშვი“ მიზნით და არა სათავგადასავლო თუ გასტრონომილი ტურიზმისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ რაჭა ტურიზმის განვითარებისგან ამჟამად შორსაა. აქ საუბარი არ არის საერთაშორისო ტურიზმზე, ადგილზე უცხოელები ჩამოდიან, მაგრამ ამას ვერ დავარქმევთ საერთაშორისო ტურისტების მასობრივ შემოდინებას. ერთი-ორი უცხოელი, ცნობილი რომ არ არის, ისეთ სოფელსაც კი ჰყავს. ჩვენ საერთაშორისო ტურიზმს დავარქმევთ იმას, როცა მინიმუმ 20%-ს მაინც წარმოადგენს საერთო ვიზიტორების წილი და არსებული 1%-ით კი ამაზე საუბარი ზედმეტია“, - განაცხადა თამარ დავითულიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის, „გარემო“ ჯამში 4 კოტეჯს აერთიანებს, სადაც ჯამში, მაქსიმუმ 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.