ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულებასთან ერთად ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულების განვითარებას გეგმავს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარედგინა ნატახტარი-ჟინვალის 27-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის გზშ დოკუმენტი, რომელიც სამი ალტერნატიული მარშრუტის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ-სოციალური ანალიზს მოიცავს. ანალიზის თანახმად, უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც ადგილს უცვლის ჩრდილოეთის გადასახვევს და ის ამჟამად არსებული წერტილიდან რამდენიმე კილომეტრით სოფელ წიწამურთან გადაინაცვლებს.

პროექტის თანახმად, გზის საერთო სიგრძეა 27 კილომეტრი, და ის გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს. პროექტი 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე. პროექტი ახალი გვირაბების მშენებლობას არ მოიცავს.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ გზაზე მოძრაობა 120 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 27-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა 15-წუთში გახდება შესაძლებელი.

აღნიშნული მაგისტრალის პროექტირებაზე იტალიური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობდნენ. პროექტირების ტენდერი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცხადდა და ის აზიის განვითარების ბანკის სესხის ფარგლებში დაფინანსდა.

გზშ დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალის პროექტირებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს თბილისის სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია GWP-ის ღია რეზერვუარები, რომლებზეც გზის მშენებლობა/ექსპლოატაციის პროცესში ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ტექნიკურ ანალიზში განმარტებულია, რომ როგორც ადგილობრივი მიმოსვლის ზრდის, ასევე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების მოცულობის მატების გამო აუცილებელია არსებული ორზოლიანი გზა თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალით ჩანაცვლდეს.

შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წიწამურიდან წითელსოფლამდე

შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წითელსოფლიდან ჟინვალამდე

პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები 23 და 24 სექტემბერს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში - საგურამოში, ჭოპორტში, არაგვისპირში, ბულაჩაურსა და ჟინვალში გაიმართება.

პროექტთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კითხვებისა და შენიშვნების გაგზავნა 2025 წლის 29 სექტემბრამდე არის შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარი დაჯდება ახალი გზის მშენებლობა და რამდენი მილიონი ლარის ღირებულების ქონების გამოსყიდვა გახდება მისი მშენებლობისთვის აუცილებელი.

Bm.ge