ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირის ელჩსა და სხვა დიპლომატებთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ.
„დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს ჩვენი სრული ნდობა და მისი სიტყვები ასახავს საქართველო-ევროკავშირის რეალობას. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჩვენი გზავნილია, შეწყვიტონ ელჩზე თავდასხმა იმის გამო, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებს. სამწუხაროდ, ის რასაც საქართველოს მხრიდან ვხედავთ, არის დეზინფორმაციის გავრცელების მასიური მცდელობა და ეს თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის დამახინჯება იმისა, რაც რეალურად ხდება ადგილზე - უდანაშაულო დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესია და ძალადობა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქმედებები საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შეესაბამება.
„ეს ყველაფერი იწყება პოლიტიკურ დონეზე ჩვენი კონტაქტების აბსოლუტური დაქვეითებით, ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერის მკვეთრი შემცირებით და პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის შენარჩუნებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.