საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ასრულებს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.