საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებარე ავტობანზე [რომელიც რამდენჯერმე გადავადებული გრაფიკით გასულ წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო], პრობლემებია და ერთ-ერთ მონაკვეთზე შეჩერებულია სამუშაოები.
დეპარტამენტის განცხადებით, მშენებელი კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის არ გასცემს ხელფასებს, რის გამოც დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.
ეს განცხადება გზების დეპარტამენტმა 2025 წლის 30 მაისს გაავრცელა.
„საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია JV Polatyol & Mapa, რომელიც აშენებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლით გზას, არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათ შორის, კომპანია არ გასცემს შრომის ანაზღაურებას დასაქმებულებზე. სახელფასო დავალიანების გამო, პროექტის ერთ-ერთ მონაკვეთზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია და დასაქმებული პერსონალი გაფიცულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებულიც აქვს საჯარიმო სანქციები.
კომპანიას კიდევ ერთხელ მიეცა გაფრთხილება და გადაეცა მოთხოვნა შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ზომას“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბათუმელებისთვის“ 2022 წლის აგვისტოში მოწოდებული ინფორმაციით, გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად 2022-2023 წლებში უნდა დასრულებულიყო. სახელშეკრულებო ღირებულება 228 721 622 ლარია. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის [EIB] მიერ.
გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი 4-ზოლიანი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის [E60-ის] შემადგენელი მონაკვეთია. ამ გზის სიგრძე 14.4 კილომეტრია, საიდანაც მხოლოდ 11 კილომეტრია გახსნილი [ჯერ 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს, შემდეგ 6 კილომეტრი].
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი, როცა მთლიანად აშენდება, ერთმანეთთან ქობულეთის შემოვლით და სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალებს დააკავშირებს.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალს, ის 4 მონაკვეთად შენდება და პრობლემები აქაცაა. ეს მაგისტრალიც მაქსიმუმ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო.