„საელჩოების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები, ცხადია, რეპუტაციული კუთხით ძალიან ცუდია და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ტურიზმის სექტორზე აისახება როგორც პირდაპირ, ისე ირიბად“, - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა, თამარ თანდაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
შეგახსენებთ, საფრანგეთისა და პოლონეთის საელჩოებმა სპეციალური განცხადებები გაავრცელეს და თავიანთი ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
თანდაშვილის თქმით, ტურიზმის დივერსიფიცირება და ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობა ზოგადად კარგია, მაგრამ კონკრეტულად აზიურ სეგმენტზე დიდი დოზით აქცენტირება დადებითად ვერ შეფასდება.
„ორი აზრი არაა, რომ საელჩოების მხრიდან, თანაც საფრანგეთისა და პოლონეთის რანგის ქვეყნების, შენ მიმართ ასეთი განცხადებისა და მოწოდებების გაკეთება, რეპუტაციულად ძალიან ცუდია. მყისიერად ჯავშნები არ გაუქმდება და მოთხოვნა არ შემცირდება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად უარყოფითი გავლენა ექნება.
რაც შეეხება აზიიდან მეტი ტურისტის შემოსვლას, ზოგადად, როცა საქმე ტურიზმს ეხება, ცუდი არაა, როცა ბაზარი დივერსიფიცირებულია და მაქსიმალურად მეტ ქვეყანასთან გაქვს ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტულად აზიის სეგმენტზე აქცენტირება მაინცდამაინც კარგი ვერ იქნება, რადგან ეს საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი ბაზარია. ამასთანავე, ამ ბაზარზე ამ დოზით მუშაობა სცდება ბოლო წლებში არჩეულ სტრატეგიულ ხაზს, რომელიც მაღალმხარჯველიან ტურისტებზე გათვლას გულისხმობდა - ამერიკა, ევროპა და იაპონია“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.