ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მუხრაზე „მუხრა ჰესის“ აშენება იგეგმება.

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფმა“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა.

პროექტი მიხედვის, მდინარის ბუნებრივ ხარჯზე დამოკიდებული, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის დადგმული სიმძლავრეც 4.65 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 20.1 გვტ-სთ. იქნება.

„საქმიანობის განხორციელება იგეგმება სოფ. ტვიბის სიახლოვეს. სათავე ნაგებობის მოწყობისთვის შერჩეული ტერიტორია მდებარეობს ზ.დ. 1 425 მ სიმაღლეზე, სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. სადაწნეო მილსადენი გაივლის მდ. მუხრას აქტიური კალაპოტის სიახლოვეს, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნაპირზე“, - ნათქვამია დოკუმენტებში.

პროექტის მიხედვით, ჰესის მშენებლობისთვის განსაზღვრულია 2 წელი.

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა 2023 წლის იანვარში დააფუძნა. ამავე წლის ოქტომბერში მან წილების მმართველად ნათია ლოლაძე დანიშნა, 2025 წლის აპრილიდან კი, ნათია ლოლაძე კომპანიის მესაკუთრე გახდა. ნანა ყეინიშვილი 2023 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.