საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2.9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე აშენდება ახალი 389-მეტრიანი ხიდი. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებს შორის კავშირს.
ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსანის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად, სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩქაროსნულ მაგისტრალს.
ახალი გზა და ხიდი გახდება ალტერნატიული მარშრუტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და მეწარმეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.