„წყლის პრობლემა ყოველთვის აქტუალურია ყაზბეგში“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა განაცხადა და ყაზბეგში ტურისტული კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, წყლის პრობლემის გამო ბიზნეს დამატებით უწევს წყლის რეზერვების შექმნის გამო ხარჯის გაღება, რაც სექტორისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
„წყლის პრობლემა ყოველთვის აქტუალურია ყაზბეგში. გიწევს წყლის რეზერვების შექმნა, რაც ბიზნესს დამატებით ფული უჯდება. გარდა ამისა, ყაზბეგში ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ინტერნეტი, კანალიზაცია, სამოძრაო ბილიკები და ა.შ. მოუწესრიგებელია“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილი.
გარდა წყლის პრობლემისა, ყაზბეგში კვლავაც აქტუალურია საავტომობილო გზის საკითხი. კერძოდ, ამ ნაწილში საუბრისას რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყაზბეგამდე მისასვლელ გზას არ აქვს ჯებირები, რაც საფრთხეს უქმნის გადაადგილებას.
„რეგიონს, როგორც ყოველთვის, ერთი და იგივე ტიპის გამოწვევები აქვს. პირველი, ყველაზე საფრთხის შემცველია ყაზბეგამდე ამოსასვლელი გზა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ასფალტის ფენით არის მოწესრიგებული, გზას არ აქვს ჯებირები. იმის გათვალისწინებით რომ სატრანზიტო გზაა, ძალიან ბევრი ტრაილერი მოძრაობს. კოლონაში ჩაბმული ტრაილერები საფრთხეს უქმნიან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებას, უწევთ ტრაილერების გასწრება, რაც საავარიო სიტუაციებს ქმნის და დამსვენებლებისთვის ეს გზა სტრესის მომგვრელია“, - აღნიშნავს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ალიბეგაშვილი.