შპს „უსასრულო ენერგიას“ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭალოვანსა და კორბოულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 11 სახელმწიფო ქონება ჯამში 23 348 კვ.მ. აღნაგობის უფლებით გადაეცა.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, ქონება კომპანიას 49 წლის ვადით აქვს გადაცემული. ქონებით სარგებლობის ყოველწლიურ საფასურად კი 13 845 ლარი განესაზღვრა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ქონებაზე „უსასრულო ენერგიამ“ „იმერეთი 1“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია უნდა განახორციელოს.
ქონების მიღების სანაცვლოდ, კომპანიამ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს 6 156 ლარის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქარის სადგურის მშენებლობის კონცეფცია მთავრობამ 2024 წლის მარტში მოიწონა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ანგარიშის მიხედვით, სადგურის დადგმული სიმძლავრე 102 მგვტ. იქნება, ხოლო წლიური გენერაცია 287.6 გვტ.სთ, ამავე დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობის დასრულება 2026 წლის 1-ელ იანვრამდეა დაგეგმილი.
რაც შეეხება კომპანიას, „უსასრულო ენერგია“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 75% ავსტრიულ კომპანია შპს „ივიკომ ჰოლდინგ ჯი-ემ-ბი-ეიჩს“ ეკუთვნის, დარჩენილ წილებს კი შპს „იბერია კაპიტალ ლიმიტედი“ ფლობს. თავის მხრივ, ამ უკანასკნელი კომპანიის წილებს თანაბრად იყოფენ ილია და თორნიკე ბახტურიძეები.