იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ელჩის თქმით, დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელები იკრიბებიან, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე აღნიშნონ და გაიაზრონ, თუ რას ნიშნავს ამერიკელობა.
„დღეს აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 249-ე წლისთავს. ყოველ წელს, 4 ივლისს, ამერიკელები ვიკრიბებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის დრო, როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, რას ნიშნავს იყო ამერიკელი და რას ნიშნავს სარგებლობდე დემოკრატიის ფუნდამენტური თავისუფლებებით. წელს, ვიდრე ოდესმე, ვცდილობ უფრო ღრმად გავიაზრო დემოკრატიის არსი. მჯერა, რომ ისტორიის ეს მომენტი მოითხოვს დემოკრატიის, ჩვენი თავისუფლებების და მომავალი თაობებისადმი ჩვენი ვალდებულების ღრმად გააზრებას.
ვფიქრობ, დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო - დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მსურს, თითოეულ მათგანს მოკლედ შევეხო“, - განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას ელჩმა აღნიშნა, რომ სურს მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც თავისუფლებისთვის უმაღლეს ფასს იხდიან.
„ეს არის დღე, როდესაც ვფიქრდებით ჩვენს ვალდებულებაზე მომავალი თაობების წინაშე, რაც მაძლევს საშუალებას გადავიდე დემოკრატიის მეორე მნიშვნელოვან პრინციპზე: ვალდებულებაზე. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. ჩვენმა სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცებმა და ქალებმა ეს ძალიან კარგად იციან, და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, რომ თავიანთი სურვილით იხდიან უმაღლეს ფასს თავისუფლებისთვის.
მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქ, საქართველოში. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკელებისა და ქართველების უმრავლესობას სჯერა დემოკრატიის დაპირებისა და ჩვენი ვალდებულებისა დავიცვათ იგი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში ბევრი ადამიანი ემსახურება თავის ქვეყანას. მე ასევე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი, რომ ორივე ქვეყნის ახალგაზრდობა განსაკუთრებულია. ამერიკელი და ქართველი მომავალი თაობისგან მუდმივად ვიღებ შთაგონებას. ისინი მაძლევენ ოპტიმიზმს ჩვენი მომავლის და ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის მომავლის მიმართ.
ვსაუბრობთ რა ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე, მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის საელჩოს საოცარ გუნდს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის დღევანდელი ზეიმის ორგანიზებისთვის. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს USAID-ის გუნდს და მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. და ბოლოს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულუხვ სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ვიცი, რომ ჩვენს სპონსორებსაც სჯერათ ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძალის.
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცით, მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ, 33 - წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ გადავწყვიტეთ კარიერის დასრულება და ამ თვის ბოლოს დავტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას.
იმ დღიდან, რაც საქართველოში ჩამოვედით, ქართველებმა გაგვიღეს თავიანთი გულები და სახლები, გვაგრძნობინეს, რომ ჩვენც ქართული ოჯახის ნაწილი ვართ. მადლობა ყველას მეგობრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს მეგობრები, და როცა წავალ, ჩემი გულის ნაწილი აქ დარჩება. არასდროს შევწყვეტ საქართველოს დემოკრატიის მომავლის რწმენას და მის მხარდაჭერას.
დასასრულს, მსურს მოგიწვიოთ სადღეგრძელოზე - გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ.
დაბადების დღეს გილოცავ, ამერიკა! გაუმარჯოს!"- განაცხადა მან.