„თვალშისაცემია ევროპიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება“, - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინა წლებში დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების წილი სასტუმროს დატვირთულობაში 45%-მდე იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს.

„თვალშისაცემია ევროპიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება. ჩვენი სასტუმრო ორი წელია ბაზარზეა, მაგრამ, იქამდეც ამ სექტორში ვმუშაობდი და გარკვეული ტიპის ტურისტული ბიზნესი მქონდა. ამის გათვალისწინებით შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული წლებთან ერთად ევროპელი ტურისტების რაოდენობა - უფრო და უფრო ნაკლები ვიზიტორია დასავლეთის ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მცირედით მეტი ბრიტანელი და ამერიკელი სტუმარი იყო ჩამოსული, მაგრამ ეს მთლიან დატვირთულობაში მხოლოდ 15%-ს იკავებდა, რაც ძალიან ცოტაა წინა წლებთან შედარებით. მაგალითად, შარშანწინ 45%-დან 48%-მდე მერყეობდა ევროპიდან მიღებული სტუმრების რაოდენობა მთლიან დატვირთულობაში და ახლა წილი 15%-მდეა შემცირებული“, - აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი.

ტურიზმის სექტორი ბოლო პერიოდია საუბრობს იმის შესახებ, რომ ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოდის. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა იმის შესახებაც, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების პარალელურად, ქვეყანაში ტურისტული ჯავშნები უქმდება.

როგორც ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, მიმდინარე პროცესებმა და გაუქმებულმა ჯავშნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებზე ტურისტული დამოკიდებულება არახელსაყრელია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ეს ბაზრები გამოირჩევა არასტაბილურობით.

აქედან გამომდინარე, რესპონდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტურიზმის სექტორი ორიენტირებული უნდა იყოს დასავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე.

„გაუქმებული ჯავშნების ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ შეიძლება იმედი გვქონდეს არც რუსულ ბაზარზე და არც აღმოსავლურ ბაზარზე, რადგან არ არიან სტაბილურები და ნებისმიერ დროს შესაძლოა, შეიცვალოს მათი საქართველოსადმი განწყობა ან საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყანათა რიცხვში მოულოდნელად აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ დასავლეთისა და ევროპის სტუმარზე როგორც მათი მხარჯველუნარიანობის გათვალისწინებით, ასევე, იმ სერვისისა და საქართველოს იმ კუთხით მიყიდვის თვალსაზრისით, როგორც ჩვენი ქვეყანა თავად წარმოგვიდგენია. რადგან, აღმოსავლეთის ქვეყნებს ბევრად უფრო ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა, ტრადიციები, კვება და ღვინო, იცით, რომ ალკოჰოლს საერთოდ არ მოიხმარენ, რაც „ჰორეკა“ სექტორისთვის არის მნიშვნელოვანი დარტყმა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ანი ალიბეგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მეორე კვარტლის უცხოელთა ვიზიტების შესახებ სტატისტიკა ჯერ არ განახლებულა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოში ევროპიდან 933 040 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 0.3%-იანი ზრდაა. კერძოდ, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში ევროპიდან განხორციელებული იყო 930 296 ვიზიტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ იმ TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მხოლოდ ერთი ევროპის ქვეყანა - პოლონეთი იყო წარმოდგენილი. უფრო კონკრეტულად, პოლონეთიდან 10 165 ვიზიტი განხორციელდა წელს, შარშან პირველ კვარტალში კი 11 734. ეს ნიშნავს, რომ ვიზიტები 13.4%-ით არის შემცირებული.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი