ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, რომლითაც პრეზიდენტი ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს.
წერილში, ტრამპი FED-ის თავმჯდომარეს კვლავ „ნელს“ უწოდებს.
„როგორც ყოველთვის, აგვიანებთ. აშშ თქვენს გამო კარგავს მთელ ქონებას. რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეამციროთ! მნიშვნელოვნად! მილიარდობით დოლარს ვკარგავთ“, - დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა წერილში, რომელიც მან პირადად გაუგზავნა პაუელს, იტყობინება ტრამპის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი.
დონალდ ტრამპის შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს, ნაცვლად ახლა არსებული 4.25-4.5%-ის შუალედისა, რასაც პრეზიდენტი შემცირებული ინფლაციით ხსნის.