ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა კიდევ ერთხელ, 2 წლით გადავადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 ივნისს ამოქმედდა. ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა და შემდგომ უკვე პლატფორმაზე ვაჭრობა სრულყოფილად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, გადავადება 2027 წლის პირველ ივლისამდე მოხდა.

აღნიშნულზე BM.GE-სთან აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, ტატო ცინცაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ამ ბაზრის გახსნა უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოს ენერგეტიკული სექტორი საერთაშორისო ბაზრების საუკეთესო გამოცდილებებსა და სტანდარტებს დაუახლოვდეს. ის ენერგეტიკული ბირჟის გადავადებას პოზიტიურად არ აფასებს, თუმცა ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ამ ბაზრის გახსნა გარკვეულ მოლოდინთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

„ენერგეტიკული ბირჟის გახსნა არის ქვაკუთხედი, იმ გრძელ გზაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორს აქვს გასავლელი, რომ კიდევ უფრო დაახლოვდეს ენერგეტიკული სექტორი საერთაშორისო ბაზრების საუკეთესო გამოცდილებებთან და სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, ენერგეტიკული ბირჟის გადავადება არ არის პოზიტიური მოვლენა, თუმცა მასაც აქვს თავისი ახსნები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მოლოდინებთან, გამოწვევებთან, რომელიც შესაძლოა საწყის ეტაპზე ამ ბაზრის გახსნას მოჰყვეს. საბოლოო ჯამში, ეს ბაზარი აუცილებლად უნდა გაიხსნას. მისი გახსნა საჭიროა გაჯანსაღებისთვის და ჩვენი ენერგეტიკული სექტორის ახალ ეტაპზე გადასაყვანად“, - თქვა მან.

ტატო ცინცაძის თქმით, ბაზრის გახსნისთვის მონაწილე მხარეებს შორის ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორებიცაა აზიის განვითარების ბანკი და მისი სხვა პარტნიორები, მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და მხარი დაუჭირონ დისკუსიას.

„ვფიქრობ, ისეთი განვითარების ინსტიტუტები, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი და მისი სხვა პარტნიორი ბანკები, მზად არიან ამ დისკუსიაში ჩაერთონ და შექმნან ის კომფორტი, რაც მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე კერძო სექტორის მხრიდან, რომ ეს ბაზარი გაიხსნას და ოპერირება დაიწყოს. შემდეგ კი, იმ დონეზე დაიხვეწოს, რომ აქედან რაც შეიძლება მეტი სარგებელი წამოვიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა“, - აცხადებს ADB-ს კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

bm.ge