საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის 15%-მდე შენელება საგანგაშო არ არის, თუმცა ტენდენციური ხასიათი აქვს,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ ,,კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, სესხების ზრდის ტემპის შენელება მათ შორის გაძვირებულ საკრედიტო რესურსს და უძრავი ქონების პორტფელის დაკრედიტების არაჯანსაღ ტემპს უკავშირდება. 

„საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის 15%-მდე შენელება საგანგაშო არ არის, თუმცა აღნიშნული პორტფელის ზრდის ტემპის შენელება უკვე ტენდენცია გახდა.

ზოგადად, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბიზნესის კეთების გარემოა შეცვლილი, რაც რა თქმა უნდა, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად ყველაფერზე აისახება.

გასული წლების განმავლობაში რადიკალურად და არაჯანსაღად გაიზარდა პორტფელი უძრავი ქონების დაკრედიტების კუთხით, როგორც ბიზნესში, ისე იპოთეკური დაკრედიტების მხრივ, რადგან დროებითი მიგრაციული პროცესების გამო, მოთხოვნა იყო ძალიან გაზრდილი. ძალიან გაიზარდა მოთხოვნა იჯარაზე, რის გამოც ხალხი შეცდომაში შევიდა, რომ ბინის აშენებით და გაქირავებით გამდიდრდებოდნენ, სხვათა შორის, ამ პროცესებმა მნიშვნელოვნად "დაბუსტა" საეჭვო ნებართვების მქონე მშენებლობები. საკრედიტო აქტივობებით შექმნილი ეკონომიკური დოვლათი,  ძირითადად თბილისში ან ბათუმშია, რეგიონებზე არ ნაწილდება, რაც სერვისების განვითარებას აფერხებს. 

კრედიტზე მოთხოვნა ეკონომიკის აქტივობის ინდიკატორია, თუ ეკონომიკა რეალურად მუშაობს და ეს მუშაობა ჯანსაღია, საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა იზრდება. შესაძლებელია, საკრედიტო რესურსზე წვდომა კიდევ უფრო გაძვირდეს, მას შემდეგ რაც ლარში ხელფასის ამღებ პირებს  უცხოურ ვალუტაში სესხის აღება აეკრძალებათ, ეს  დაბანდებას კიდევ უფრო შეანელებს, რადგან ლარზე ფასი გაცილებით დიდია. ვინც ამ საქმეში იყო, უკვე სხვანაირად დაფიქრდება, უღირს თუ არა ასეთი ძვირი რესურსით რაიმე დაბანდების გაკეთება“,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 750,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა.  სებ-ის განცხადებით, ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ. მიღებული ცვლილება 1 აგვისტოდან ამოქმედდება.