საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ევროკავშირს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლეგიტიმური საფუძველი აქვს. მისი განმარტებით, ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, ერთ-ერთი კი ოჯახური ღირებულებების შესახებ მიღებული კანონია, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
,,ევროკავშირს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი, რომ შეუჩეროს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. ანუ ლეგიტიმური საფუძველი არის რამდენიმე. შემიძლია მაგალითად მოვიყვანო ერთ-ერთი. ეს არის ლგბტ კანონი. ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენთან ასეთი კანონი არ არის და თქვენ თუ გინდათ, რომ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი, ასეთი კანონით ვერ გახდებით. თქვენ ევროკავშირის წევრი ვერ გახდებით, თუ არ დგახართ ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე. ასეთი კანონით ჩვენ არ ვდგავართ გაწევრიანების გზაზე. ეს აბსოლუტურად ცხადია.“- აცხადებს გიორგი ქობულია.
გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ დგას, რაც გაერთიანებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველს აძლევს. ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედება მხოლოდ ინტეგრაციის პროცესს არ უკავშირდება. ევროკავშირს ისეთ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა, რომელთა ეკონომიკური განვითარებაც მაღალია. საქართველო კი დღეს ევროკავშირის დონეს ჩამორჩება. გიორგი ქობულია განმარტავს, რომ ჩვენს ქვეყანას სავიზო რეჟიმი მხოლოდ იმ მიზეზით გააუქმეს, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს. მაგრამ თუ ქვეყანა ინტეგრაციის პროცესს შეწყვეტს და სხვა გზით წავა, ევროკავშირს ამ პრივილეგიის ჩამორთმევის ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
,,ევროკავშირი ამბობს, რომ თუ თქვენ არ დგახართ გაწევრიანების გზაზე, მაშინ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგიხსნათ ვიზალიბერალიზაცია. იმიტომ, რომ თქვენ როგორც ქვეყანას, თქვენი ცხოვრების დონიდან გამომდინარე ვიზალიბერალიზაცია არ გეკუთვნით. თქვენ მოგეცით ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტეთ შეგიწყოთ ხელი, როგორც ჩვენს მომავალ კანდიდატს. მაგრამ, თქვენ თუ არ ხართ ევროკავშირის მომავალი კანდიდატი, საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური დონით თქვენ არ გეკუთვნით ვიზალიბერალიზაცია. ვიზალიბერალიზაცია არ არის არანაირად დაკავშირებული იმასთან, რომ ევროკავშირის წევრი გახდე. მაგალითად, ისრაელის მოქალაქეს ევროკავშირში უვიზოდ შეუძლია შესვლა. ისრაელში ცხოვრების დონე არის ისეთივე, როგორიც ევროპაში. ამიტომ ისრაელის მოქალაქეს აქვს საშუალება ჩავიდეს ევროპაში ვიზის გარეშე, რადგან ამ ქვეყნიდან არ ხდება უკანონო მიგრაცია. როდესაც ძალიან დიდი სხვაობაა ცხოვრების დონეებს შორის (როგორც ჩვენსა და ევროპას შორის) ხდება უკანონო ემიგრაცია ევროპაში. ევროპა ამბობს, რომ ჩვენ თვალს დავხუჭავთ ამაზე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ, რომ მომავალში გახდეთ ჩვენი წევრი, მაგრამ, თუ თქვენ აღარ ხდებით ჩვენი წევრი, ამას ჩაგიხსნით. ამიტომ, მათ აქვთ აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზეზი, რომ ეს ჩახსნას.“- აცხადებს გიორგი ქობულია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გიორგი ქობულიამ ოპტიმიზმისთვის არგუმენტები აქვს. ამბობს, რომ სავიზო რეჟიმის აღდგენით ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობებს დაკარგავს, რასაც რეგიონში მათი ინტერესების გატარებისა და ინტერესების დაცვის საშუალების შემცირება მოჰყვება. ეს კი ევროკავშირს ხელს არ აძლევს და პირიქით, აზიანებს.
,,ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათთვის ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩახსნეს საქართველო და იმედი გადაეწურათ იმისი, რომ საქართველო ოდესმე გახდება გაერთიანების წვერი. მეორე - კიდევაც რომ არ გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი, ვიზალიბერალიზაციის ჩახსნა გამოიწვევს საქართველოს უფრო მეტ იზოლაციას და ნაკლებ ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებასთან და ფასეულობებთან. ევროპას აწყობს, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ აწყობს, რომ მაქსიმალურად ევროპული ფასეულობები და ევროპული ინტეგრაცია მოხდეს. რათა მათ, რაღაც განსაზღვრული გავლენა დარჩეთ რეგიონში. შეიძლება საქართველომ არ მოხსნას ის კანონი (ოჯახური ღირებულებების შესახებ), რომელიც მას უშლის ხელს ინტეგრაციაში, მაგრამ ჩვენ მაინც დავუტოვოთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია. იმიტომ, რომ ეს თუ ჩავხსნით ჩვენ აქედან არაფერი დადებითი არ გვექნება. გვექნება მხოლოდ და მხოლოდ მინუსი. ამით უფრო წავაგებთ. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირს ეყოფა სიბრძნე, რომ რაღაც დონეზე თავი შეიკავოს და არ მოუხსნას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი.“- აცხადებს გიორგი ქობულია.