სახელმწიფომ თბილისის მერიას გლდანის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულად განავითარებს. საუბარია თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში მდებარე 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სადაც ადრე ორი სპორტული მოედანი იყო განთავსებული. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე სავარჯიშო კომპლექსი მოეწყობა, განახლდება საფარი და ინფრასტრუქტურა. ასევე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეებით და  ტერიტორია მთლიანად გამწვანდება.

,,წლების წინ, 2012 წლამდე იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც სპორტულ მოედნებს ასხვისებდნენ და იქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. ასევე, ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება, რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ დამოკიდებულება აბსოლუტურად შევცვალეთ. ქალაქი ვითარდება. მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ურბანულად სწორად და არა სპორტული მოედნებისა და მწვანე სივრცეების ხარჯზე. სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცა გლდანში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში მდებარე 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ეცოდინება ე.წ. ამერის სტადიონი, სადაც ადრე ორი სპორტული მოედანი იყო. 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით გადაეცა კერძო მესაკუთრეს და მას მოვლა-პატრონობისა და განვითარების არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. დღეს იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.