ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისისა და სამხედრო მოქმედებების ფონზე, კანადა სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს,- ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა ყოველთვის იყო ორი სახელმწიფოს არსებობის მხარდამჭერი, რაც დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს არსებობას გულისხმობს, ისრაელის გვერდით.

„კანადა აპირებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეაზე,“ - განაცხადა კარნიმ კანადურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, პალესტინური ხელისუფლება საჭირო რეფორმების განსახორციელებლად მზადაა.

კანადის გადაწყვეტილებას ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელ Truth Social-შ გამოეხმაურა - მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოტავასთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებს საფრთხეს შეუქმნის.