ზაფხულის დასრულებამდე 1 თვე რჩება, ამიტომ მოსახლეობის ნაწილს, ვინც დასვენებას სანაპიროზე არჩევს, დიდი ალბათობით უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ჯერ არ გადაუწვეტიათ, სად დაისვენებენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ სხვადასხვა ტურისტული კომპანიის შეთავაზებაზე დაყრდნობით, უცხოეთის სანაპიროებზე დასვენების საშუალო ფასებს გთავაზობთ. შესაბამისად, თუ შვებულების გამოყენებას საქართველოს საზღვრებს გარეთ გეგმავთ, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.
თუ უპირატესობას თურქეთის სანაპიროებს ანიჭებთ, მაშინ ანტალიაში დასვენება საშუალოდ 1550 ლარი დაგიჯდებათ, რაც შეეხება კუშადასს, აქ დასვენება უფრო ძვირი - 2 230 ლარიდან ზემოთ ღირს.
რაც შეეხება საბერძნეთს, ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე შვებულების გატარებას საშუალოდ 2300 ლარიდან შეძლებთ, შედარებით იაფი მიმართულებაა კუნძული კრეტა - 1 770 ლარიდან, ხოლო აია-ნაპაზე დასვენება 960 ლარიდან არის შესაძლებელი.
ესპანეთში, ბარსელონაში, კოსტა-ბრავას სანაპიროზე დასვენებას 2 650 ლარიდან შეძლებთ, ხოლო საფრანგეთში, ნიცას სანაპიროზე გამგზავრება 2 990 ლარიდან დაგიჯდებათ. ასევე ნაკლებად ბიუჯეტურია იტალიაში, კუნძულ კაპრიზე დასვენება. ამისთვის თქვენი ბიუჯეტიდან მინიმუმ 3 600 ლარის გამოყოფა მოგიწევთ.