კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით,  მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება, რაც ონლაინ სერვისებსა და ციფრულ პლატფორმებზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული.

კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2024-ში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 280 000-ით გაიზარდა და 4.60 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა სიმკვრივის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 8%-ით გაიზარდა და 133%-ს გაუტოლდა. რაც შეეხება სიმკვრივეს მობილური მომსახურებების აბონენტებთან მიმართებაში - აღნიშნულმა 2023 წელთან შედარებით 2%-ით მოიმატა და 75% შეადგინა. 

ანგარიშის მიხედვით, მზარდია ასევე მობილური აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წელთან შედარებით, 230 000-ით გაიზარდა ჯამურად 6.14 მილიონი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ეს მატება გამოწვეულია როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური აბონენტების ზრდით. იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობამ, 2024 წელს, მთლიანი აბონენტების 25.4% შეადგინა და 1.55 მილიონს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 4.59 მილიონი იყო. ხოლო, რაც შეეხება მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაციას საქართველოს მოსახლეობაში, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 177% შეადგინა.

 ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აბონენტების რაოდენობის მიხედვით, მობილური ოპერატორების საბაზრო წილები 2023 წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და შემდეგნაირად გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%; „სილქნეტი“ – 35%; „სელფი მობაილი“ – 23% და „ჰალო“ – 0.5%. კომპანიების მიხედვით, 2024 წელს, „მაგთიკომს“ 1.84 მილიონი ფიზიკური პირი და 680 000 იურიდიული პირი აბონენტი ჰყავდა.

„სილქნეტს“ – 1.60 მილიონი ფიზიკური პირი და 570 000 იურიდიული. „სელფი მობაილისთვის“ ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 1.12 მილიონს შეადგენდა, ხოლო იურიდიული - 300 000-ს. „ჰალოს“ მხოლოდ ფიზიკური პირი აბონენტები ჰყავდა და მათი რაოდენობა 30 000 იყო.

ინფორმაციას ComCom ავრცელებს.