რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, რომლებსაც შავი ზღვა ესაზღვრებათ. ოფიციალური ბრიუსელი გეგმავს ინვესტიციების ჩადებას ისეთი რეგიონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, როგორიცაა პორტები, რკინიგზები და აეროპორტები, რათა მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა უპრობლემოდ მოხერხდეს.

„ეს ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჯარები იყვნენ იქ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. ოთხშაბათს, 28 მაისს, ევროკავშირმა შავი ზღვის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც რეგიონში მძიმე სამხედრო შეიარაღების უკეთ ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა.

„შავი ზღვის უსაფრთხოება ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე კაია კალასმა. მან ხაზგასმით თქვა, რომ ამჟამად შავი ზღვის უსაფრთხოებას ძირს უთხრის კრემლის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმები.

„სტრატეგია ასევე წარმოადგენს პასუხს იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებზე დამოკიდებულებაც გარკვეული სახის ზემოქმედების იარაღად იქცა“, - აცხადებს ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. „შავი ზღვა არის ხიდი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და სასიცოცხლო არხი ენერგორესერსებით და სურსათით ვაჭრობისთვის“, - დასძინა მან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონში არასტაბილური ვითარება შეიქმნა, რადგან სამხედრო ოპერაციებმა და ნაღმების ფართო გამოყენებამ საქონლის ნაკადი დაბლოკა. ამავდროულად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უკრაინის ფარგლებს გარეთ მოსკოვის მხრიდან ახალი თავდასხმების ეშინიათ და თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ცდილობენ.

ევროკავშირის კომისარი ტრანსპორტის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტას ვარაუდობს, რომ სამხედრო მიზნებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება (ევროპის მასშტაბით) დაახლოებით 75 მილიარდი ევრო დაჯდება.

საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი

ევროკავშირი ასევე გეგმავს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას, რომელიც რეგიონისთვის ადრეული გაფრთხილების სისტემის როლს შეასრულებს. კალასის თქმით, ცენტრი გაზრდის სიტუაციურ ინფორმირებულობას და ევროკავშირს თავისი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება. მისი ადგილმდებარეობა, ოპერატიული მოდელი და ღირებულება ჯერ კიდევ დასადგენია, დასძინა მან.

კალასის განცხადებით, უსაფრთხოების კიდევ ერთი ზომა იქნება უცხოურ საკუთრებაში არსებული პორტებისა და სხვა კრიტიკული ობიექტების ინტენსიური მონიტორინგი. თავის მხრივ, მარტა კოსი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, ახალ ენერგეტიკულ დერეფნებს, სატრანსპორტო კავშირებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურას განავითარებს. გარდა ამისა, ევროკავშირი ინვესტიციებს ჩადებს სანაპირო რაიონებში მცხოვრები თემების განათლებაში, ასევე ომის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან და კლიმატის ცვლილების რისკებთან გამკლავებაში.

„მთელ მსოფლიოში ქვეყნები ახლა ცდილობენ იმუშაონ ისეთ სანდო და პროგნოზირებად პარტნიორთან, როგორიცაა ევროკავშირი“, - ამბობს მარტა კოსი. „ასეთი პარტნიორობა ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს გაგვხდის და შექმნის ბიზნეს შესაძლებლობებს ყველასთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. ევროპულმა კომისიამ, როგორც პარტნიორები, ასევე გამოყო უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებთანაც ის, ახალი სტრატეგიის მეშვეობით, უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.

წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"