გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, სადაც ჰექტარზე დიდი ოდენობით ქიმიურ პრეპარატებს იყენებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი აცხადებს, რომ ჩვენს ქვეყანაში შხამქიმიკატების მოხმარება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით სამჯერ აღემატება. მარიამ ჯორჯაძე აღნიშნულის მიზეზად იმ სისტემას ასახელებს, რომელიც ქიმიური პრეპარატების გასაღებაზე არის ორიენტირებული.

,,ზოგადად ფონი საქართველოში ამ მხრივ არის ძალიან ცუდი. FAO-ს მონაცემების მიხედვით, ჩვენ არა მარტო რეგიონის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ვართ ჰექტარზე გამოყენებული ქიმიური საშუალებების მიხედვით. ძალიან ბევრს ვიყენებთ. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ უფრო მეტი გვაქვს გამოყენებული. პრაქტიკულად ჩვენი სისტემა და სამრჩევლო სისტემა არის დამოკიდებული ქიმიური პრეპარატების გამსაღებლობის კონსულტაციებზე. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტს გაყიდიან უღირთ. ამაზეა მორგებული.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

„ელკანას” დირექტორი აცხადებს, რომ ქიმიური პრეპარატები უსისტემოდ გამოიყენება, თუმცა ამის წინააღმდეგ ნაბიჯები არ იდგმება. მარიამ ჯორჯაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შხამქიმიკატების გამოყენების პოპულარიზაცია ხდება, მაშინ როდესაც ქვეყანაში ბიო პრეპარატების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს ევროპული ფონდები აფინანსებდნენ.

,,მიუხედავად იმისა, რომ მოსავლიანობა ძალიან დაბალია და ბევრ ფულს ხარჯავენ ამაში და სრულიად უსისტემოდ იყენებენ ქიმიურ პრეპარატებს, ჯერჯერობით არაფერი ამის საწინააღმდეგო არ კეთდება. პირიქით, მუდმივად პოპულარიზაცია ხდება ქიმიური საშუალებების. კეთდება რეკლამები. ბიო საშუალებების მხრივ ძალიან მცირე რაოდენობით ორგანიზაცია მუშაობს. მათი პოპულარიზაცია მხოლოდ საერთაშორისო ფონდების დახმარებით ხდებოდა. ჩვენ მუდმივად ევროპული ფონდები გვაფინანსებდნენ.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.