2024 წელს ჯამურად 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ლევან იოსელიანის განმარტებით, გასულ წელს 7 599 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 3201 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.
სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება“, „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება“ და „ზედიზედ გაცდენების ზღვრული რაოდენობა“.
პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, მშობლის განცხადების საფუძველზე დაახლოებით 2 000-მა მოსწავლემ მიატოვა სასწავლო პროცესი და აქ ადრეული ქორწინების საკითხი შეიძლება იყოს შეფარული.
"ეს ის სტატისტიკაა, რომელიც ვფიქრობ, რაღაც ფორმით უნდა იყოს ცხადი და ალბათ, უწყებების უფრო კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რომ გავიგოთ, სასკოლო პროცესის მიტოვება დაკავშირებულია თუ არა ნაადრევ ქორწინებასთან, ეს სასწავლო დაწესებულებების და სხვა უწყებების ჩართულობით უნდა მოხდეს. ჩემი დაკვირვებით, როდესაც სასწავლო პროცესს ტოვებს ბავშვი, სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციამ როგორც წესი იციან მიზეზების შესახებ ხოლმე",- ამბობს იოსელიანი.
ტერიტორიული განფენილობის მიხედვით, 2024 წელს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (4170), ასევე, ქვემო ქართლისა (1979) და აჭარის (1273) რეგიონებში დაფიქსირდა.