აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთის წარმომადგენლები 9 ივნისს ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.

ტრამპის თქმით, ჩინეთთან მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარეს ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი წარმოადგენენ.

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი, ჰოვარდ ლუტნიკი და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელი, ელჩი ჯეიმისონ გრირი 9 ივნისს, ორშაბათს ლონდონში ჩინეთის წარმომადგენელს შეხვდებიან სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს". - წერს ტრამპი.

მანამდე, 5 ივნისს ტრამპსა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც ტრამპის მიხედვით დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა. ტრამპმა საუბარი "ძალიან პოზიტიურად" შეაფასა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ზარი ტრამპის ინიციატივით შედგა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ჩინეთსა და აშშ-ს სავაჭრო მოლაპარაკებებში უთანხმოება აქვთ. აქამდე ტრამპი წერდა, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება "სრულად" დაარღვია, ხოლო ჩინეთი აცხადებდა, რომ აშშ-მ სავაჭრო შეთანხმება "მძიმედ დაარღვია" და პეკინი საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავს.

ცნობისთვის, შვეიცარიაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფებს, სულ მცირე, მომდევნო 90 დღის განმავლობაში, მოხსნიდნენ, რის ფარგლებშიც დამატებითი გადასახადები აშშ-მ 30%-მდე შეამცირა, ჩინეთმა კი - 10%-მდე.

გარიგების ფარგლებში, ჩინეთი ასევე აშშ-ს წინააღმდეგ არასატარიფო ზომების "შეჩერებაზე ან გაუქმებაზეც" დათანხმდა.

ამას გარდა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები "აშშ-ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო საკონსულტაციო მექანიზმის" შექმნაზეც შეთანხმდნენ, რათა "მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში საკითხებზე კომუნიკაცია იყოს შენარჩუნებული".

ამასთანავე, სამინისტრო ამბობდა, რომ მხარეები კონსულტაციებს რეგულარულად ან საჭიროებისამებრ გამართავდნენ, თუმცა მას შემდეგ მოლაპარაკებების შესახებ მხარეების მიერ საჯარო განცხადებები აღარ ყოფილა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა ჩინური კომპანიების მიერ ამერიკული ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

tabula.ge