ავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრთგადაყვანის რეგულაციის ამოქმედება გადაიდო, - ამის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში შესულ ცვლილებებში წერია.
დოკუმენტის მიხედვით, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით ახალი რეგლამენტი 2025 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო თუმცა გადაიდო.
ახალი დადგენილების მიხედვით, რეგულაცია 2026 წლის 1-ელ იანვრიდან ამოქმედდება.
„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - წერია დოკუმენტში.
ცნობისთვის, საქართველოში ერთმანეთთან 150 კმ დაშორებულ ქალაქებს შორის მიკროავტობუსებით და მინივენებით მგზავრების რეგულარული გადაყვანა იკრძალება. ტექნიკური რეგლამენტით, თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის (ავტობუსებით) ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა მოხდეს.