განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების ხელშეკრულება გაფორმდა. სამინისტროს პრეს-რელიზშია აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც.
„განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორის, გიორგი ჭანტურიას შეფასებით, საქართველოში საგანმანათლებლო პოლიტიკა პარტიული ინტერესების მძევლად რჩება და ცოდნის რეალურ გაღრმავებას ნაკლებად ემსახურება. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, „ფარას” ამოქმედების შემდეგ, სავარაუდოა, რომ საქართველოს რიგ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა შეეზღუდება, ჩინეთის სახით კი ამჟამინდელი ხელისუფლება განათლების სფეროში ახალი აქტორის შემოყვანას ცდილობს.
,,განათლების სისტემა ქვეყნის ზოგადი პოლიტიკიდან ამოვარდნილი არ არის, პირიქით, მისი განუყოფელი ნაწილია- რა მიმართულებითაც ქვეყანა მიდის, იმ მიმართულებით ვითარდება, ან არ ვითარდება საგანმანათლებლო სფერო. სამწუხაროდ, საქართველოში განათლების სისტემა პარტიულ პოლიტიკას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალურ განათლებას. განათლების პოლიტიკა, ქვეყნის მიკრომოდელია და პოლიტიკურ სიტუაციას პირდაპირ ირეკლავს. მალე ამოქმედდება “ფარას” კანონი, რომელიც კიდევ უფრო რთულს ხდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას.
მთავრობამ კი ეს ნაბიჯი გადადგა, რომ განათლების სფეროში სხვა აქტორი შემოიყვანოს, ჩინეთის სახით. ეს გარკვეულწილად ნიშანია, შენი ხედვა საითკენ იხრება. მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება, ნიშნავს ევროპული განათლების გზიდან გადახრას. ჩინეთი უძველესი ცივილიზაციაა, სადაც ყველა სიამოვნებით ისწავლიდა, მაგრამ აღნიშნული ხელშეკრულება უფრო მეტად ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორზეა მიბმული და არა იმაზე, რომ ვის სად უნდა სწავლა”,- აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ ,,კომერსანტთან” ინტერვიუში.