40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ქვეყნების საერთო განცხადება პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა, მარცინ ბოსაცკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ქმედება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს, არამედ ასევე არის ესკალაცია, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს.

ასევე, ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომი.

განცხადებას შემდეგ ქვეყნები უერთდებიან: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, გერმანია, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, კოერის რესპუბლიკა, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნორვეგია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, პორტუგალია, რუმინეთი, სან მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ამერიკა და პოლონეთი. მას ასევე უერთდება გაეროში ევროკავშირის დელეგაცია.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

"ჩვენ აქ ვართ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების კიდევ ერთ უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მიერ 9 სექტემბრის ღამეს, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების ტიპის ობიექტების 19 შეჭრა განხორციელდა. დრონები, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ინფრასტრუქტურასა და ავიაციის უსაფრთხოებას, პრევენციულად იქნა ნეიტრალიზებული.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან პირველად, პოლონეთის ტერიტორიული მთლიანობა და, ამავდროულად, ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ და მასობრივი მასშტაბით დაირღვა. ამ აღმაშფოთებელ ინციდენტს წინ უძღოდა წარსულში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის სხვადასხვა დარღვევა. შესაბამისად, პოლონეთმა, პირველად თავის ისტორიაში, გადაწყვიტა, მოეთხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, პრევენციული დიპლომატიის სულისკვეთებით. სხდომის მოთხოვნა მოხდა, რადგან რუსეთის უგუნური ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან ბოლო წლებში ყველაზე მეტად აახლოებს. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობაა საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას და მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

მადლობას ვუხდით უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, კორეის რესპუბლიკას ამ შეხვედრის მოწვევისთვის. ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომი, თავი შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისგან და შეასრულოს გაერო-ს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ესკალაცია ვერ და არ გახსნის გზას მშვიდობისკენ. მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვას შეუძლია, შექმნას სამართლიანობისა და მდგრადი მშვიდობის პირობები უკრაინაში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ"

10 სექტემბერს პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს. პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რამდენიმე დრონის ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, არავინ დაშავებულა.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონები NATO-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ყველა ჩვენი მოკავშირე სიტუაციას სერიოზულად უდგება". - თქვა ტუსკმა.

მოგვიანებით პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.

tabula.ge