თბილისის განვითარების ფონდი სოლოლაკში პავლე ინგოროყვას ქუჩაზე N16, N18 და N20 -ში მდებარე მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსს აცხადებს.

წინადადებების მღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 497 250 ლარია. მომსახურების მიწოდების ვადა: ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტს 195 კალენდარული დღისა.

როექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გრაფიკული მასალა უნდა მომზადდეს ციფრულ (ვექტორული dwg, dxf, pla, rvt გაფართოების ფაილი, ასევე PDF) ფორმატში.

გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდება პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების საფუძველზე.

გამარჯვებულ კონკურსანტთან დაიდება ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს მიმწოდებლის მიერ ჩასაბარებელი საბოლოო პროდუქტის - საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებას, რომლის ზუსტი შემადგენლობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, ასევე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

პრეტენდენტს, ბოლო 3(სამი) წლის განმავლობაში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 შენობის სამშენებლო ან/და სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება არ უნდა იყოს 50,000 ლარზე ნაკლები.

დაფინანსების წყარო: ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 2024-2027 წლის საბიუჯეტო სახსრები.

აღნიშნული შენობებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს

ინგოროყვას N 16 -ში მდებარე შენობა 1877 წელს აიგო და მისმა პირველმა მფლობელმა ჰასან ხან აგალეროვმა 1892 წელს მიჰყიდა ბაქოელ მეორე გილდიის ვაჭარს კარაპეტ-ბეგ ლალაევს. 1896 წელს შენობაში ბინა დაიდო სპარსეთის საკონსულომ რითაც არის განპირობებული სპარსული წარწერები ფასადის ღიობებზე. შენობა განაშენიანების სიღრმეში მდებარეობს და თავისი მხატვრული სახით, დახვეწილი პროპორციითა და საფასადო კომპოზიციით დიდწილად განსაზღვრავს ქუჩის მხატვრულ სახეს, გარდა ფასადისა საინტერესოა ინტერიერის მდიდრული მორთულობა - ნათქვამია scantbilisi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინგოროყვას ქუჩაზე N 18-ში მდებარე სამსართულიანი, კაპიტალური სახლის თავდაპირველი მფლობელი კახაბერ გიორგის ძე ერისთავია. შენობა სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისში ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო სახლი, მდიდრულად გაფორმებული ინტერიერით. უნდა აღინიშნოს, რომ ფასადის მარცხენა თითქმის ნახევარი მთლიანად შელესილია, რამაც შეიწირა კედლის დეკორი და ნაგებობამ, ნაწილობრივ, დაკარგა თავდაპირველი სახე. სახლის უკან აივნებშემოვლებული ეზოა მოწყობილი, რომლის მოაჯირი რიკულებიანია, ზედა მხარე კი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხის ძელებითაა დეკორირებული. ეზოში გამავალი პირველი სართული სარკმლებისა და შესასვლელების ღიობებს მოიცავს და მრავალჯერ არის სახეცვლილი. აღწერილი შენობა ბაროკოს ელემენტებით არის გაჯერებული და მიმდებარე განაშენიანებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ინგოროყვას N 20-ში მდებარე სახლი 1880 წელს თავადმა ზაქარია ერისთავმა ააშენა. 1912 წელს მიწის ნაკვეთი მასზე არსებული სახლით იყიდა ბაქოელმა პირველი გილდიის ვაჭარმა ამბარცუმ მელიქოვმა. 1914 წელს ძველი შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდა, თბილისელი არქიტექტორი მიხეილ ნეპრინცევის პროექტის მიხედვით, რის შედეგადაც ფასადი მოდერნის სტილზე მოეწყო. 1921 წელს ამბარცუმ მელიქოვი წავიდა ემიგრაციაში, სახლი კი ნაციონალიზებულ იქნა. ამ სახლში ცხოვრობდა და ქართველი მიკრობიოლოგი, ბაქტერიოფაგის შემქმნელი გიორგი ელიავა, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს, ამავე სახლში ცხოვრობდა და 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა ქართველი ბოლშევიკი შალვა ელიავა - აღნიშნულია scantbilisi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.